მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ძვირადღირებული ავტომანქანით გადაადგილდება.
„დეპუტატმა თავს იმის უფლება არ უნდა მისცე, რომ ტელეეთერიდან მაყურებელი მოატყუო, - მამუკა ხაზარაძეს ვგულისხმობ.
გუშინ ერთ-ერთ ეთერში განაცხადა, რომ პრემიერი ძვირადღირებული ავტომანქანით გადაადგილდება, რომელიც თითქოს სახელმწიფოს ბიუჯეტითაა ნაყიდი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დეპუტატი ხაზარაძე იტყუება ! ირაკლი ღარიბაშვილი მისი პირადი მანქანით გადაადგილდება, რომელიც განვადებით, ჯერ კიდევ 2019 წელს იყიდა, როცა კერძო სექტორში მუშაობდა და ეს ინფორმაცია ნებისმიერმა, თემით დაინტერესებულმა ადამიანმა ძალიან მარტივად შეუძლია გადაამოწმოს პრემიერის დეკლარაციაში“, - წერს ნინო გიორგობიანი.