სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში სულ მცირე 45 000 ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურეობრივი მოვალეობები შეუწყვიტეს.
სიაშია სამხედროები, პოლიციელები, მასწავლებლები, უნივერსიტეტის დეკანები და ჟურნალისტები.
BBC-ის ცნობით, თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს ადამიანები პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მიმართ არასაკმარისად ლოიალურები არიან.
გადატრიალების მცდელობის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს 15 ათასი მასწავლებელი, 1 500 დეკანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის 9 000 თანამშრომელი, ფინანსთა სამინისტროს 1 500 თანამშრომელი და პრემიერ-მინისტრის ოფისის 250-მდე თანამშრომელი.
ასევე დაკავებულია 6 ათასი სამხედრო, დათხოვნილია 9 000 პოლიციელი, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება შეუწყდა 3 ათასს მოსამართლეს.
ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველა ეს ადამიანი აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერია, რომელსაც ანკარა გადატრიალების შესაძლო ორგანიზატორად მიიჩნევს. თავად გიულენი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.