logo_geo
eng_logo
თურქულ მხარესთან ეკონომიკური შინაარის რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაფორმდა
- +

20 ივლისი. 2016. 10:48


 

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით,  უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ სხდომას, რომელიც 19 ივლისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა. საბჭოს ხელმძღვანელობდნენ საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრები გიორგი კვირიკაშვილი და ბინალი ილდირიმი. საბჭოს მუშაობაში ორივე მხრიდან 15 მინისტრი მონაწილეობდა.


დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ სხდომაზე განხილული იყო ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. მისი დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა 6 დოკუმენტს. მათგან სამი ეკონომიკური შინაარსისაა, ესენია: შეთანხმება ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ,  საქონლის კომბინირებული გადაზიდვის შესახებ შეთანხმება და რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის ჩარჩო-ხელშეკრულება. სამივე მათგანს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, შეთანხმება ინვესტიციების დაცვის შესახებ საქართველოს მისცემს საშუალებას, მოიზიდოს მეტი თურქული ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში. მისი ინფორმაციით, 2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოვიდა 113 პროცენტით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ვიდრე ეს იყო 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში. ჯამურად,  2000-2014 წლებში თურქეთიდან ინვესტიციების ოდენობა დაახლოებით 1 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.


რაც შეეხება შეთანხმებებს ტრანსპორტის სფეროში, ისინი შეეხება საერთაშორისო ტვირთების კომბინირებულ გადაზიდვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ ხელშემკვრელ მხარესთან იქნება ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუკი ტვირთმა უნდა გაიაროს როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტით.


დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, აღნიშნული შეთანხმება გააუმჯობესებს ტვირთმფლობელებისთვის ჩვენი კორიდორის მიმზიდველობას, იქნება ერთიანი ტარიფი და შესაბამისად, ის მიზნები, რომლებიც გაგვაჩნია აღნიშნული სატრანზიტო დერეფნის განვითარების მიმართულებით, იქნება მიღწეული.


რაც შეეხება სარკინიგზო ტრანსპორტის მეშვეობით სატვირთო გადაზიდვების და სამგზავრო გადაყვანების ჩარჩო-ხელშეკრულებას, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პრაქტიკულად, ეს არის წინაპირობა იმისა, რომ როგორც კი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ამუშავდება, ჩვენ უკვე გვექნება შეთანხმებული წესები, თუ როგორ უნდა მოხდეს ტვირთების გადაზიდვა, მგზავრების გადაყვანა, მატარებლების მიერ საზღვრის კვეთა და აწყობილი იყოს  ასეთ დროს აუცილებელი  პროცედურები.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner