logo_geo
eng_logo
სამშენებლო კომპანია „დიდოსტატი“ – მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ღირსეულად გაგრძელებული ოჯახური ბიზნესი
- +

1 ივლისი. 2021. 16:25

 

კომპანია „დიდოსტატის“ ისტორია მაშინ დაიწყო, როცა მამუკა ბედინაშვილმა და თინათინ სამყურაშვილმა სამშენებლო სფეროში საკუთარი ადგილის პოვნა გადაწყვიტეს. ცოლ-ქმარი თავად ჩაუდგა სათავეში ოჯახურ ბიზნესს და ეს პატარა წამოწყება რამდენიმე წელიწადში სერიოზულ და გამოცდილ კომპანიად აქცია.

 

სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ „დიდოსტატმაც“ და თინამაც მამუკა დაკარგეს.

 

თუმცა, როგორც გუნდში, ასევე მასშიც აღმოჩნდა იმის რესურსი, რომ დაწყებული საქმე არ შეეწყვიტათ. ახლა თინა, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მარტო აგრძელებს „დიდოსტატის“ ისტორიას. მამუკას გარეშე, მაგრამ გუნდთან ერთად… ოჯახისთვის, მეუღლისთვის, ადამიანებისთვის… მათთვის, ვინც „დიდოსტატში“ მუშაობს და მათთვის, ვისაც კომპანიის დახმარებით, საკუთარი ოცნების სახლის აშენება სურს.

 

ასე რომ, „დიდოსტატი“, ახალი გამოწვევებითა და შემართებით, ახალ მომხმარებლებს ემსახურება.

 

(როგორ დაიწყო ყველაფერი)

 

–ქალბატონო თინათინ, თქვენ და თქვენმა მეუღლემ კომპანია 2016 წელს დააფუძნეთ და ფუნქციონირებაც მალევე დაიწყეთ. რატომ გადაწყვიტეთ კერძო სახლების სამშენებლო კომპანიის დაარსება იმ ფონზე, როცა გაცილებით მოთხოვნადი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები იყო?

 

-ჩვენ თავისუფალი ნიშა სწორედ ხის სახლების მშენებლობაში დავინახეთ, რადგან მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ბაზარი ისედაც საკმაოდ გაჯერებული იყო მრავალფეროვანი შეთავაზებებით. გვსურდა, ჩვენი უნიკალური ნიშა დაგვეკავებინა, რითიც „დიდოსტატი“ თავის ადგილს დაიმკვიდრებდა. ამ სფეროში ჩვენი შესვლა განაპირობა იმ გამოცდილებამაც, რაც ჩემს მეუღლეს ჰქონდა დაგროვებული უცხოეთში ხის კოტეჯების და სახლების მშენებლობის საქმეში. სწორედ მამუკას იდეა იყო, რომ ამ საქმეში ბედი გვეცადა. გადაწყვეტილებამ ნამდვილად გაამართლა, რაზეც, ალბათ, ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მას შემდეგ მოთხოვნა ხის სახლებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა და ბაზარზე ბევრი სხვა კომპანიაც გაჩნდა.

 

ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც მომხმარებლებს ხის კოტეჯების, სახლებისა და სასტუმროების მშენებლობა შევთავაზეთ. მას შემდეგ 100-მდე პროექტი განვახორციელეთ და დღეს უკვე საქართველოს, თითქმის, ყველა კუთხეში დგას დიდოსტატის ხის კოტეჯები.

 

–უშუალოდ თქვენ როდის ჩაერთეთ კომპანიის საქმიანობაში?

 

-„დიდოსტატის“ საქმიანობაში კომპანიის დაარსების პირველივე დღიდანვე ჩართული ვიყავი. მე და ჩემს მეუღლეს ფუნქციები გვქონდა გადანაწილებული. მამუკა სამშენებლო და ფინანსურ ნაწილზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო მე მარკეტინგულ და იურიდიულ საკითხებში ვუწევდი მას დახმარებას.

 

–წარმომიდგენია, რამდენად რთული იქნებოდა, თქვენი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ შეგენარჩუნებინათ და გაგეგრძელებინათ მისი დაწყებული საქმე. როგორ შეძელით ეს – რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია – და რა სირთულეებს წააყდით, როცა გადაწყვიტეთ, ეს გზა უკვე მარტოს გაგეგრძელებინათ?

 

-ცხადია, ემოციურად ჩემთვის ძალიან რთული იყო მამუკას გარეშე ამ საქმის გაგრძელება, თუმცა იმან, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო „დიდოსტატი“ ჩვენი ოჯახისთვის და იმან, თუ რამხელა სიყვარულით კეთდებოდა თითოეული პროექტი, მომცა დაწყებული საქმის გაგრძელების სტიმული. გვსურს, რომ „დიდოსტატმა“, თავისი საქმიანობით, კიდევ ბევრ ადამიანს მისცეს საოცნებო სახლის აშენების საშუალება.

 

რაც შეეხება გამოწვევას, თავდაპირველად დიდ სირთულეს წარმოადგენდა ყველა იმ ფუნქციის შეთავსება, რაც მანამდე ორივეს გადანაწილებული გვქონდა, თუმცა, მიუხედავად ამ სირთულეებისა, მაინც მოვახერხეთ კომპანიის გამოცდილ გუნდში გადაგვენაწილებინა პასუხისმგებლობები. დღეს „დიდოსტატი“ სრული დატვირთვით აგრძელებს ახალ პროექტებზე მუშაობას.

 

ხუთწლიანი საქმიანობის განმავლობაში ჩვენმა ინჟინერ-მშენებლებმა, მანუჩარ ბედინაშვილის ხელმძღვანელობით, ფასდაუდებელი გამოცდილება დააგროვეს. მათი მუხლჩაუხრელი შრომის დამსახურებაა, რომ „დიდოსტატისთვის“ ურთულეს პერიოდშიც კი კომპანიას 1 დღითაც არ შეუწყვეტია მუშაობა და ჩვენ კლიენტებს დათქმულ ვადებში შევუსრულეთ ჩვენზე დაკისრებული სამუშაოები.

 

 

 

 

 –თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ „დიდოსტატის“ პირველი პროექტები?

 

-ერთ-ერთი პირველი პროექტი განვახორციელეთ ორბეთში, თბილისთან ახლოს, რასაც ძალიან მალევე მოჰყვა საკმაოდ მასშტაბური პროექტი მესტიაში, სადაც ავაშენეთ სასტუმრო, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. აღნიშნული პროექტები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. ჩვენი კლიენტები ძალიან კმაყოფილნი იყვნენ და ჩვენც დავრწმუნდით, რომ სწორ საქმეს შევეჭიდეთ.

 

–არის თუ არა კერძო სახლი კონცეპტუალურად განსხვავებული ბინისგან და თქვენი აზრით, რა არის მისი დადებითი მხარე? თავად თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ კერძო სახლის მიმართ?

 

-ჩვენი ხის სახლები და კოტეჯები მორგებულია მომხმარებლების სურვილებსა და ინტერესებს, რაც ყველა პირობას ქმნის მყუდრო გარემოსთვის… ისეთის, როგორიც ადამიანებს აგარაკზე ყოფნისას სურთ. იგივე პრინციპია იმ კლიენტებისთვის, რომლებიც სასტუმროებს გვიკვეთავენ. მათაც სურთ, რომ მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი შესთავაზონ. ბოლო დროს კიდევ უფრო ცხადად გამოიკვეთა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომფორტული საცხოვრებელი გარემო, რადგან ადამიანები იზოლაციაში აღმოვჩნდით და დროის უდიდესი ნაწილის გატარება სახლებში მოგვიხდა. ასეთ ვითარებაში კიდევ უფრო აშკარა გახდა, რომ სახლში და მით უმეტეს, მყუდრო, ეკოლოგიურად სუფთა ხის სახლში ინვესტიციის დაბანდება ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა.

 

–როცა „დიდოსტატმა“ საქმიანობა დაიწყო, როგორც ამბობთ, საქართველოს ბაზარი ნამდვილად არ იყო განებივრებული მსგავსი შეთავაზებებით, თუმცა დღეს, 5 წლის შემდეგ არაერთი კონკურენტი გაგიჩნდათ, რომელიც, თითქოს, იმავე სერვისს სთავაზობს მომხმარებელს, თანაც უფრო ხელსაყრელ ფასად. ეს განსხვავება რითი აიხსნება?

 

-„დიდოსტატს“ დაარსების დღიდანვე ჰქონდა ერთი პრინციპი: მომხმარებელს უნდა შევთავაზოთ მხოლოდ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ბაზარზე რამდენიმე კონკურენტი გამოჩნდა და უფრო დაბალფასიანი ნიშა დაიკავა, „დიდოსტატს“ მაინც არ უღალატია თავისი პრინციპისთვის. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ექსკლუზიურ სერვისს: საუკეთესო ხარისხი ხელმისაწვდომ ფასად. „დიდოსტატი“ ხის კოტეჯების მშენებლობისთვის იყენებს მხოლოდ საუკეთესო ხარისხის მასალას და არ მიდის კომპრომისებზე, ხარისხის ხარჯზე, უფრო დაბალი ფასის მისაღწევად. ვთვლით, რომ კომპანიისთვის ყველაზე კარგი მარკეტინგი ჩვენი სერვისით კმაყოფილი კლიენტებია, ამიტომ არც მომავალში ვაპირებთ, ვუღალატოთ ამ პრინციპებს.

 

–სად შეუძლიათ მომხმარებლებს, დაგიკვეთონ მშენებლობა?

 

-„დიდოსტატი“ აშენებს ყველგან, სადაც მისვლა ფიზიკურად შესაძლებელია. ჩვენი პროექტები განხორციელებულა თბილისში, ყაზბეგში, მესტიაში, ბახმაროში, გრიგოლეთში და ა.შ.

 

–როგორ ირჩევს მომხმარებელი სასურველ პროექტს?

 

-ჩვენ გვაქვს ხის კოტეჯების და სახლების ვარიანტები, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი პროექტი, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, ჩვენ მათზე მორგებულ უნიკალურ პროექტებს ვთავაზობთ. არის შემთხვევები, როდესაც ისინი თავად მოდიან პროექტით და ჩვენ მისი მიხედვით ვუშენებთ კოტეჯს.

 

–მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესი ხშირად დროში იწელება და სირთულეს წარმოადგენს ადამიანისთვის, რომელიც ამ საკითხში ვერ ერკვევა. ეხმარებით თუ არა კლიენტებს ამ მიმართულებით?

 

-დიახ, ჩვენ მომხმარებელს ვუმზადებთ არქიტექტურულ პროექტს და ყველა წვრილმანს, რაც ნებართვის მისაღებადაა საჭირო.

 

–თქვენ ხარისხზე ისაუბრეთ, თუმცა საინტერესო იქნება იმის მოსმენა, კონკრეტულად რა მასალით აშენებს „დიდოსტატი“ და რამდენად ცეცხლგამძლე ან მიწისძვრის მიმართ მდგრადია თქვენი პროექტები?

 

-ჩვენ ვიყენებთ ეკოლოგიურად სუფთა, ჭიის საწინააღმდეგო ხსნარებით დამუშავებულ უმაღლესი ხარისხის ფიჭვის მასალას, 15სმ სისქის Knauf-ის ნატურალურ, ცეცხლგამძლე და ენერგოეფექტურ ბამბას, კორეული Monterrey Lux-ის მეტალოკრამიტის სახურავს, Tikkurila-ს ეკოლოგიურად სუფთა საღებავსა და სხვა უმაღლესი ხარისხის მასალებს.

 

ელექტროგაყვანილობის (სადენები, ჩამრთველები, ელცქვიტები, ჭაღები) მონტაჟისას, დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, გამოიყენება ნორმით გათვალისწინებულზე 3-4-ჯერ დიდი კვეთის სადენები. გარე პერიმეტრზე მონტაჟდება ათწლიანი საგარანტიო ვადის მქონე, ხუთკამერიანი ყავისფერი, მაღალხარისხიანი მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები, ხის ფაქტურით, ორმაგი მინაპაკეტით, გერმანული და ავსტრიული საკეტებითა და აქსესუარებით.

 

მშენებლობისას ვიყენებთ წერტილოვან საძირკველს და სახლი დგება მილკვადრატის ხიმინჯებზე, რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობა მიწისქვეშ მდებარე ბეტონის ბალიშებს. ასეთი კონსტრუქცია განაპირობებს იმასაც, რომ ხის სახლები სრულიად უსაფრთხოა მიწისძვრის დროს და არ რეაგირებს ქარის დატვირთვაზე. იგი ყველაზე კარგად უძლებს რხევებს და აგურის სახლთან შედარებით, გაცილებით კარგად უმკლავდება მკაცრ კლიმატურ პირობებს, მაღალმთიანი რეგიონებისთვის დამახასიათებელ ძლიერ ყინვასა და ზღვისპირეთისთვის დამახასიათებელ მაღალ ტენიანობას.

 

–რა მდგომარეობაში აბარებთ სახლებს?

 

სახლებს ვაბარებთ სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში. ჩვენი სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელს მხოლოდ ავეჯის შეტანაღა რჩება. თუმცა, ამ კომპონენტში, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, გვაქვს შეთავაზება ავეჯით ჩაბარებასთან დაკავშირებითაც.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner