„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, იმოქმედონ კანონის შესაბამისად, თავიანთი უფლებები გამოხატონ კანონის ჩარჩოებში“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.
თბილისში „პრაიდის” კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
სირაძის განცხადებით, პოლიცია ადგილზე მობილიზებულია მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ადგილზე - მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომელიც იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და მართლწესრიგს.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, რომ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი, ყველას აქვს სიტყვის და გამოხატვის უფლება - როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს. ასევე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს, არ გასცდნენ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში.
სამართალდამცველზე თავდასხმის ან შეურაცხყოფის ნებისმიერი ფაქტი მკაცრად იქნება დასჯილი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, იმოქმედონ კანონის შესაბამისად, თავიანთი უფლებები გამოხატონ კანონის ჩარჩოებში”, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.