„მთავრობის ათწლიანი სტრატეგიის ფარგლებში, თემატური განხილვები დავიწყეთ. დღეს მოვისმინეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეგმები. ჩვენი ხედვით, 2030 წლისთვის მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარი იქნება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა იზრდება.
„უკვე წელს, დავიწყებთ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობის პროგრამას, რომელსაც 50 მილიონი ლარით დავაფინანსებთ.
10-წლიანი გეგმის ფარგლებში, დაგეგმილია 1,7 მილიარდი ლარის ინვესტირება.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი 3 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, ღვინის ექსპორტიდან შემოსული შემოსავლები 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.
500 ათას ჰექტრამდე გაიზრდება ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურებით დაფარული მიწის ფართობი. უზრუნველყოფილი იქნება 3,7 მლნ ტონამდე წარმოება, მათ შორის, 600 000 ტონა ყურძენი.
500 ჰექტარზე შეიქმნება სასათბურე მეურნეობა. თანადაფინანსების სახით, 124 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.
50 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე ხეხილის ბაღები და 15 ათას ჰექტარზე მეტი ვენახი გაშენდება.
თანადაფინანსების სახით, 340 მლნ ლარამდე გაიცემა.
400-მდე თანამედროვე ტიპის მეცხოველეობის და მეფრინველეობის ფერმის შესაქმნელად, 560 მლნ ლარის ოდენობით ჯამური ინვესტიცია განხორციელდება.
2030 წელს, წყალუზრუნველყოფილი იქნება 227 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, თითქმის მთლიანად აღდგება სამელიორაციო სისტემა, რაშიც 1 მილიარდი ლარი დაიხარჯება.
დაინერგება საუკეთესო ევროპული ტექნოლოგიები ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურების შესამცირებლად.
დაცული ტერიტორიების ფართობი 1 მლნ ჰა-მდე გაიზრდება და ქვეყნის მთელი ტერიტორიის 17%-ს მიაღწევს.
საქართველო უფრო მეტად თვითუზრუნველყოფილი უნდა გახდეს.
ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტებია: მეტი ადგილობრივი წარმოება, სიღარიბის დაძლევა, განვითარებული რეგიონები, ძლიერი სოფელი, ძლიერი საქართველო“, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.