logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: შესაძლოა, შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ვიზები აღარ დასჭირდეთ
- +

20 ივლისი. 2016. 12:04



საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონურ გამოცემა „ვობირჩასთან" საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე და რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო მონაწილეობას მიიღებს შავ ზღვასთან დაკავშირებულ განხილვებში.

 

„გავზრდით თავდაცვით შესაძლებლობებს, განვახორციელებთ საჰაერო თავდაცვისა და საჰაერო ძალების მოდერნიზაციას და, ასევე, უზრუნველვყოფთ კიბერთავდასხმის წინააღმდეგ თავდაცვას", - აღნიშნა მარგველაშვილმა.


მარგველაშვილის თქმით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირება, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება, კვლავ ძალაშია.


„დაპირება კვლავ ძალაშია. ჩვენი გაწევრიანების ვალდებულებები პროცესშია. ვახორციელებთ რეფორმებს, ვზრდით თავდაცვით შესაძლებლობებს და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას ვახდენთ. მიმაჩნია, რომ აქ საქართველო ხუთოსანია. ვმონაწილეობთ NATO-სა და ევროკავშირის სამხედრო მისიებში ავღანეთში, კოსოვოში, მალიში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ანალოგიური ვითარებაა ევროკავშირშიც. გავაფორმეთ ასოცირების ხელშეკრულება, ძალაში შევიდა ხელშეკრულება თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე. ამჟამად საუბარი მიდის ვიზების გაუქმებაზე. ევროპა აფასებს ჩვენს მიერ გაწეულ მძიმე შრომას. შესაძლოა, რომ უკვე ამ შემოდგომას საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ვიზები აღარ დასჭირდეთ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონი ვარშავის სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.


„შავი ზღვა ევროპული ზღვა უნდა იყოს, სადაც მშვიდობიანი თანამშრომლობის საერთაშორისო პრინციპები მოქმედებს. საქართველოს პორტებით ათობით აზიური ქვეყანა სარგებლობს, რომელებიც ევროპაში საქონლის ექსპორტს ახორციელებენ. ეს არ შეიძლება იყოს სამხედრო დაპირისპირების ზღვა, რასაც ის დღეს წარმოადგენს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner