„რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება და ორშაბათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ - ჯანდაცვის სისტემა არის სრულად მობილიზებული“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ვაქცინაციის პროცესში გადამწყვეტია მოქალაქეების აქტიურობა და ჩართულობა.
„ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით მთელი სამინისტრო, ჯანდაცვის სისტემა არის სრულად მობილიზებული. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, კლინიკების ხელმძღვანელებთან და ვართ სრულ კოორდინაციაში მათთან იმისათვის, რომ ჩვენ დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი ორშაბათიდან. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩვენს მოქალაქეებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. მე მინდა თხოვნით მივმართო ჩვენს მოსახლეობას, რომ გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა ისე, როგორც ჩვენ პანდემიის დასაწყისში გამოვიჩინეთ და ვაჩვენეთ უმაღლესი პასუხისმგებლობის დონე. ახლა ვაქცინაციის პროცესში გადამწყვეტია მოქალაქეების აქტიურობა და ჩართულობა. ჩვენ, ერთი მხრივ, უნდა დავიცვათ საკუთარი თავი და ჯანმრთელობა და მეორე მხრივ, ჩვენს გარშემო მყოფების მიმართ უნდა გამოვიჩინოთ სოლიდარობა.
ორშაბათიდან სრულად იქნება მზად მთელი სისტემა, დაიწყება რეგისტრაცია ხვალიდან და უკვე ორშაბათიდან ჩვენ დავიწყებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მასობრივ ვაქცინაციას. დაახლოებით, 350 ბრიგადა, რომელიც დაკომპლექტებულია ექიმებით, შესაბამისი აღჭურვილობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიშლებიან და ჩვენ ამ პროცესს წარმატებით ვმართავთ. ჩვენი გათვლებით დღეში დაახლოებით 20 000-დან 25 000-მდე აცრა უნდა ჩავატაროთ, იმისათვის, რომ თვეში მინიმუმ ნახევარი მილიონი ადამიანის აცრა განვახორციელოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა უკვე საქართველოშია.