დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინით დაიწყება, რასაც რამდენიმე დღეში „სინოვაკით“ ვაქცინაცია დაემატება; მოგვიანებით კი, საქართველოს მოქალაქეები „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინებითაც აიცრებიან.
როგორც გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „სინოფარმზე“ რეგისტრაცია“ ხვალიდან, 3 ივლისიდან დაიწყება.
„ყველა ეს დოზა დაბინავებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის შესაბამისი ცივი ჯაჭვის საწყობებში. ნაწილის დისტრიბუცია დღეს უკვე ხდება დასავლეთ საქართველოს ჩვენს სამმართველოში, ქუთაისში და ქუთასიდან მომარაგდება მთლიანად დასავლეთ საქართველო დღეს და ხვალ. ორშაბათს, დილისთვის ყველა მუნიციპალიტეტს და ყველა ამცრელ დაწესებულებას ექნება ვაქცინების შესაბამისი დოზები. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს დისტრიბუცია მოხდება ცენტრალური, დაავადებათა კონტროლის ცენტრის საწყობიდან. კვირას, დღის მეორე ნახევარში, დღის ბოლომდე ყველა ამცრელი დაწესებულება მზად იქნება, რომ დაიწყოს აცრები.
ვიწყებთ „სინოფარმით“. ხვალიდან გაიხსნება რეგისტრაცია „სინოფარმზე“. მომავალი ორი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით როგორი იქნება მოქალაქეთა აქტივობა ჯავშნებთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის შემდგომ, დაემატება და გაფართოვდება შესაბამისად „სინოვაკით“ და ასევე გაგრძელდება აცრები 10-12 კვირა პირველი აცრიდან „ასტრაზენეკათი“.
ამ დღეებში შემოვა „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით და ყველა ადამიანი, ვისაც პირველი აცრიდან 10-12 კვირა გასდის, იქნება აცრილი. შემდგომ, როცა ძირითადი დოზა შემოვა „ასტრაზენეკასი“, ყველა ადამიანი იქნება აცრილი, ვისაც მეორე დოზა სჭირდება.
თანდათანობით, ივლისში შემოვა და დაიწყება „ფაიზერის“ დოზების მოწოდება ბილატერალური მოლაპარაკებით და შემდგომში, მოგვიანებით ამას დაემატება ამერიკის მთავრობის დახმარება - „ფაიზერის“ შესაბამისი დოზები. ამას მოყვება სექტემბერში უკვე, „კოვაქსით“ გააქტიურება სხვა ვაქცინების. დიდი იმედია, რომ „კოვაქსი“ თავის პირობას, ვაქცინის 400 ათას დოზას შეასრულებს. ამიტომ ჩვენი თხოვნაა, რომ მაქსიმალური ყურადღებით ვიყოთ. ჩვენი სამიზნეა, რომ ივლისში მაქსიმალურად ავიდეთ 20-დან 25 ათას აცრაზე დღის განმავლობაში. თუ ჩვენ, ყველა გავაკეთებთ ამას, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება, გავიდეთ ჩვენს სამიზნე მაჩვენებელზე დეკემბერში და ეს გახლავთ მოზრდილი მოსახლეობის 60%“, - განაცხადა გამყრელიძემ.