ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) კომპანია „რუსთავის აზოტს" 155 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსებას გამოუყოფს, - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრანზაქცია კერძო სექტორის მიმართულებით, გაზის მონეტიზაციის ძალიან მსხვილ პროექტს ითვალისწინებს.
შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო.
„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ, საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენელთან ერთად დაფინანსებული უპრეცენდენტოდ დიდი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს", - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელშეკრულება, რომელსაც EBRD-ის დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ და ბიზნესმენმა, „Loyal capital Group S.A."-ს დამფუძნებელმა და „რუსთავის აზოტის" მფლობელმა რომან ფიფიამ მოაწერეს ხელი.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს არის ექსპორტზე ორიენტირებული პროექტი, რომელიც მყარი ეროვნული ვალუტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ამ პროექტს სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა აქვს და ეს ბევრი ფაქტორით არის განპირობებული. ჩართულია „საპარტნიორო ფონდი" და ვფიქრობ, ეს არ იქნება ერთადერთი პროექტი, რომელსაც ჩვენ უახლოეს მომავალში, ევრობანკთან ერთად კიდევ დავაფინანსებთ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გახლავთ ყველაზე მსხვილი კრედიტორი და კაპიტალში მონაწილე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი საქართველოში", - განაცხადა პრემიერმა და EBRD-ის დირექტორს კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსშ, ბრუნო ბალვანერას, საქართველოს რეალურ სექტორსა და საფინანსო ინსტიტუტებში დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვის მიმართულებით, აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან კარგია, რომ 155 მილიონ დოლარში ასევე მონაწილეობს „საქართველოს ბანკი", რომელიც, ასევე, პროექტის ერთ-ერთი მსხვილი კრედიტორი იქნება.
გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის ახალი, მისასალმებელი, წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ეკონომიკის რეალურ სექტორში.
პრემიერმა, სიტყვით გამოსვლისას, ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილებიდან ერთი ფაქტი გაიხსენა.
„2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც იყო გაგანია საბრძოლო მოქმედებები, ევრობანკმა საქართველოსთვის მხარდაჭერის ნიშნად, შეავსო საპარტნიორო ანგარიში ერთ-ერთ პროგრამაში, ერთ-ერთ ბანკში, რომელშიც მე მაშინ ვმუშაობდი და ეს იყო EBRD-ის მიერ, საქართველოს საბანკო სექტორისა და საქართველოსადმი მხარდაჭერის ძალიან მკაფიო გამოხატულება და რწმენა, რომ საქართველო შეუქცევადად ადგას განვითარების სწორ ვექტორს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მართლაც ძალიან დიდ წარმატებას და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი საქართველოს რეალურ სექტორსა და ევრობანკს შორის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
დაფინანსება გამოყენებული იქნება ამიაკის წარმოების ხაზის რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, რაც ენერგოეფექტური ღონისძიებების გამოყენებით განხორციელდება. შედეგად, ენერგიის მოხმარება 30%-ით შემცირდება. ახალი, ენერგოეფექტური ამიაკის ხაზი, შესაბამისობაში იქნება უმაღლეს გარემოსდაცვით სტანდარტებთან, რაც მის კონკურენტუნარიანობას გაზრდის.
კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში EBRD-ის დირექტორის ბრუნო ბალვანერას განცხადებით, EBRD-მა, ხელშეკრულების ხელმოწერით, წელს რეკორდი მოხსნა, რადგან ივლისის მდგომარეობით, საქართველოში განახორციელა 325 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც 2015 წელს განხორციელებული ინვესტიციების მოცულობას სამჯერ აღემატება.
„ამ ხელშეკრულების ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ გვწამს საქართველოს ნათელი მომავლის, საქართველოს იურიდიული სისტემის, საქართველოს სამეწარმეო გარემოსი", - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ და მხარდაჭერისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა.