„რაში ხარჯავს პაატა ბურჭულაძე ჩვენი მოქალაქეების საქველმოქმედო შენაწირებს" - ამ სათაურით გაზეთი „ახალი თაობა" სტატიას აქვეყნებს.
სტატიის ავტორი ინტერესდება, რეალურად რა თანხები მიიღო პაატა ბურჭულაძის ფონდმა 2004 წლიდან მოქალაქეების შეწირულობებით და რა თანხები დაიხარჯა რეალურად შეჭირვებული თანამოქალაქეების დახმარებაზე.
როგორც ჟურნალისტი წერს, ინფორმაცია ფინანსური დოკუმენტაციის შესახებ, ანუ რამდენი თანხა შეიტანეს ამ ფონდში ჩვენმა მოქალაქეებმა და როგორ დაიხარჯა ეს თანხა, პარტიას არსად აქვს განთავსებული.
„საქართველოში ბევრი მდიდარი ადამიანი არასდროს ყოფილა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანას ჰყავდა დიდი ქველმოქმედები. ამის დასტურად მხოლოდ დავით სარაჯიშვილის მაგალითის მოყვანაც კმარა. მას შემდეგ დიდი წყვეტა გვქონდა, სახალხოდ ფულის გამოჩენა არ შეიძლებოდა და საბჭოთა კავშირის დანგრევამდე ამ მასშტაბის ქველმოქმედის არსებობა შეუძლებელი იყო. ბოლო პერიოდში ქველმოქმედებაზე პრეტენზია არაერთმა პირმა განაცხადა.
ეს ქველმოქმედება ზოგ შემთხვევაში სპეციფიკურია - როცა „ქველმოქმედი" ერთგვარი მენეჯერია, რომელიც ხალხს მიმართავს და საქველმოქმედო თანხებს ხალხისგან კრეფს. ამავე პრინციპზეა აგებული პაატა ბურჭულაძის ფონდი „იავნანა".
ამ ფონდს აღებული ჰქონდა კონკრეტული სეგმენტი - მისი გაცხადებული მიზანი ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვები, სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის სახლების შეძენა გახდათ. როგორც მათ ოფიციალურ გვერდზეა მითითებული, ფონდის მისიაა, დავუბრუნოთ ბავშვები ოჯახებს. პაატა ბურჭულაძე არ იყო იმდენად შეძლებული ადამიანი, რომ ქველმოქმედება საკუთარი სახსრებიდან დაეფინანსებინა. ამიტომ ბურჭულაძის ფონდი, ზოგიერთი უცხოური ორგანიზაციის მსგავსად, შემოწირულობების მეშვეობით აწარმოებდა ქველმოქმედებას.
ფონდი „იავნანა" მონაწილეობდა პოპულარულ სატელევიზიო შოუებში, აწყობდა ღონისძიებებს და მოქალაქეებს შეჭირვებული ადამიანების დახმარებისკენ მოუწოდებდა. ამ სარეკლამო კამპანიამ გარკვეული შედეგი გამოიღო, მოქალაქეები მიენდნენ ცნობილი საოპერო მომღერლის მოწოდებას და ფონდ „იავნანაში" თანხების ჩარიცხვა დაიწყეს. თუმცა, რა თანხებთან გვქონდა საქმე, რამდენმა მოქალაქემ შესწირა ფონდს თანხა და შეწირული თანხის რა ნაწილი დაიხარჯება ქველმოქმდებაზე, ამაზე ინფორმაციას, სამწუხაროდ, საზოგადოება არ ფლობს. ფაქტია, რამდენიმე სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს პირდაპირ სატელევიზიო თოქ-შოუს მიმდინარეობისას გადასცეს ბინები, თუმცა, როგორი იყო ეს ბინები, რა თანხა დაჯდა, რამდენია ასეთი ადამიანი, რამდენი მიიღო ფონდმა შემოწირულობის სახით და აქედან რამდენი დახარჯა რეალურად ქველმოქმედებაზე, არავინ იცის.
ფონდ „იავნანას" ინტერნეტში განთავსებულ ოფიციალურ გვერდებზე მრავლადაა კონცერტებისა და საქველმოქმედო საღამოების ბმულები, მითითებულია საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც მოქალაქეებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ, გამოქვეყნებულია მოქალაქეთა წერილები დახმარების თხოვნით, ბატონი პაატას გამოსვლები, სხვადასხვა განცხადება, მაგრამ ინფორმაცია ფინანსური დოკუმენტაციის შესახებ, ანუ რამდენი თანხა შეიტანეს ამ ფონდში ჩვენმა მოქალაქეებმა და როგორ დაიხარჯა ეს თანხა, არსად აქვს განთავსებული. არადა, საქართველოს კანონმდებლობა, საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-10 ნაწილი გვეუბნება, რომ საქველმოქმედო ორგანიზაცია ვალდებულია, ყოველწლიური საქმიანობის პროგრამული ანგარიში და ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი, მოგება-ზარალის ანგარიში) გამოაქვეყნოს და ხელმისაწვდომი გახადოს ყველა დაინტერესებული პირისათვის. როცა ფონდს მართავ, ვალდებული ხარ, ფინანსური მხარე საჯარო გვქონდეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ხალხის ფინანსებთან გაქვს შეხება, საქველმოქმედო თანხებს ჩვენი მოქალაქეებისგან ითხოვ, რომლებმაც შეიძლება საკუთარ ოჯახს მოაკლონ თავიანთი თანამოქალაქეების დასახმარებლად. ამიტომ, ძალიან უცნაურია, როგორ მოხდა, რომ ამ ფონდის შესახებ ინფორმაცია არათუ არ არის საჯარო, არ დევს მათ ოფიციალურ გვერდებზე, არამედ მისი მოძიება ღია სივრცეში შეუძლებელია.
კიდევ საეჭვო და უცნაურია ამ დოკუმენტის დამალვა იმ პერიოდში, როდესაც იცი, რომ ათასგვარი ხმები დადის ფონდ „იავნანას" „არასაქველმოქმედო" მიზნებზე, რომლებიც იდეალებს არაფრით უკავშირდება. იმ პირობებში, როდესაც ფონდი კანონის მოთხოვნას თავს წლებია ჯიუტად არიდებს, შეიძლება მოქალაქეს გაუჩნდეს ლეგიტიმური კითხვა და ინტერესი, რეალურად რა თანხები მიიღო პაატა ბურულაძის ფონმა 2004 წლიდან მოქალაქეების შეწირულობებით და რა თანხები დაიხარჯა რეალურად შეჭირვებული თანამოქალაქეების დახმარებაზე. ასევე ლეგიტიმურია კითხვა - ფონდის დოკუმენტების დამალვა ხომ არ უკავშირდება ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლას და ბოლოს ხომ არ აღმოჩნდება, რომ ჩვენი გაჭირვებული მოქალაქეების ფულით ვინმეს პოლიტიკური კარიერა დაფინანსდა?" - წერს „ახალი თაობა".
გამოცემა აპირებს, რომ შესაბამისი კითხვებით საგადასახადო ორგანოებსაც მიმართოს.
„ყველა შესაძლო კითხვაზე პასუხის მისაღებად ფონდ „იავნანას" მიერ წარმოებული ფინანსური ოპერაციების შესახებ კითხვით საგადასახადო ორგანოებსაც მივმართავთ და, იმედია, ამ გზით მაინც შევძლებთ, ნათელი მოვფინოთ და გავარკვიოთ, რა თანხები ირიცხებოდა ჩვენი მოქალაქეებისგან ფონდის ანგარიშებზე და რეალურად იხარჯებოდა თუ არა ეს ფული ქველმოქმედებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ საკითხს ნათელი მოვფინოთ, რადგან ეს იმ ტიპის საქმეა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების სათუთ გრძნობებს, სამომავლო ურთიერთობასა და სოლიდარობას. ჩვენ გავაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას და ასევე სიამოვნებით დავუთმობთ ჩვენი გაზეთის ფურცლებს ბატონ პაატას განმარტებებისთვის",- წერს „ახალი თაობა".