„ყველა, ვინც საქართველოში პრაიდის კვირეულის ჩატარებას ხსნის კონკრეტული პირთა ჯგუფის, თუ თემის, მხოლოდ კონსტიტუციური და სამართლებრივი უფლებებით - არის ამ ქვეყნის მოღალატე, ზოგი "ნებსით" ფორმულირებით, ზოგი "უნებლიეთ"“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ ახსნან, რომ ზოგ შემთხვევაში კანონის უზენაესობაზე მაღლა დგას გარდაუვალი საზოგადოებრივი უარყოფითი რეაგირება ქვეყანაში გაბატონებული ტრადიციული ფასეულობების ფეხქვეშ გათელვაზე, რა დროსაც მიზანშეწონილია, უარი ითქვას თუნდაც თავისი სამართლებრივი უფლების აღსრულებაზე - და ამ არგუმენტს მით უმეტეს არ ითვალისწინებენ, მაშინ "უნებლიეთ" დავივიწყოთ, რჩება მხოლოდ "ნებსით" ღალატი.
ჩვენს თვალწინ სულ ახლახანს აქტიურ ფაზაში გადავიდა "მიძინებული" კონფლიქტი მთიან ყარაბაღში, რომელიც დღეს მეტნაკლებად მშვიდობიან ფორმაში ტრანსფორმირდა. ამავდროულად, საქართველოში საუკუნეებია კეთილმეზობლურად თანაცხოვრობენ სომხები და აზერბაიჯანელები, მათ შორის ქმნიან ერთობლივ ოჯახებს.
განა ყარაბაღის მოვლენების მწვავე ფაზის დროს, თბილისში მცხოვრებ სომხებს არ ჰქონდა კონსტიტუციური უფლება, ავლაბარსა თუ რუსთაველზე მშვიდობიანი მსვლელობა გაემართათ ეგიდით - "ხელები შორს არცახისაგან". ან თბილისელ აზერბაიჯანელებს იმავე ლოკაციებზე მშვიდობიანი მსვლელობით ეზეიმათ ომში სომხებზე გამარჯვება?
ჯერ ეს ერთი - ჩვენს სომეხ და ახერბაიჯანელ ძმებს, თავის სამშობლო-საქართველოსთან მიმართებაში, უფრო მეტი პასუხისმგებლობა, პატივისცემა და სიყვარული გააჩნიათ, ვიდრე ეთნიკურ ქართველ ლიბერალებს და მათ წამქეზებელ პოლიტიკოსებს. იმ პოლიტიკოსებს, ვინც გუშინ ბრძნული გამომეტყველებით ადამიანთა კონსტიტუციურ უფლებებზე გვესაუბრებოდნენ, სადაც საზოგადოების უმრავლესობას არც ადამიანებად არ გვთვლიან, ჩვენი უფლებებიც ფეხზე ჰკიდიათ და მათ ხელში რომ იყოს ძალაუფლება, თავისი იდეოლოგიური წინაპრების მსგავსად, კვლავ ეკლესიის განადგურებით დაკავდებოდნენ. დავაკვირდეთ - დღეს დღე მეორეა. ვნახოთ - ფინიშზე სადამდე გავლენ...“, - წერს ანალიტიკოსი.