თურქეთის სახელმწიფო ტელეკომპანიის TRT-ს ინფორმაციით, თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭომ ყველა მასწავლებელსა და მეცნიერს ქვეყნის დატოვება აუკრძალა. მათივე ინფორმაციით, აკრძალვა ხელისუფლების მორიგ განკარგულებამდე იმოქმედებს.
იმ თურქ მეცნიერებსა და მასწავლებლებს, რომლებიც ქვეყნის გარეთ იმყოფებიან, უმოკლეს ვადებში თურქეთში დააბრუნებენ.
19 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთში განათლების სფეროს 15 ათასზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. თანამდებობა დატოვეს ასევე უნივერსიტეტების დეკანებმა.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დააკავეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს 45 ათასი ადამიანი. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ყველა დაკავებული და სამსახურიდან დათხოვილი ადამიანი აშშ-ში მცხოვრებ ოპოზიციონერ მუსლიმ ღვთისამსახურს, ფეთჰულა გიულენს უჭერს მხარს. ანკარა ფეთჰულა გიულენს ამბოხის ორგანიზატორად ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს. თავად გიულენი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს.