logo_geo
eng_logo
გუგული მაღრაძე: არ მგონია, ქვეყანაში გაუსაძლისი ვითარება იყოს შექმნილი...
- +

5 მარტი. 2016. 15:56



საქართველოს პარლამენტის წევრის გუგული მაღრაძის განცხადებით, ევროპული კომისიის დასკვნა საქართველოს შესახებ ემყარება არა კონკრეტულ მაგალითებს, არამედ ზოგად სურათს, თუ რა დამოკიდებულება არსებობს საქართველოში ლგბტ თემის მიმართ.


„ეს არის ზოგადი მიმოხილვა. კონკრეტული ქეისი, რომ მაგალითად, ლგბტ პირი სამსახურიდან გააგდეს, არ არსებობს, არავის არ უჩივლია ასეთ ფაქტებზე. ზოგადი საუბარია იმაზე, რომ მენტალური დამოკიდებულება ამ პირთა მიმართ საზოგადოებაში არ არის დადებითი. ძალიან მიჭირს დავასახელო კონკრეტული მაგალითი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ლგბტ პირის მიმართ შეურაცხმყოფელ ქმედებას ჰქონდა ადგილი. ხოლო ჩვენ თითოეული ინდივიდის ქცევას ვერ გავაკონტროლებთ - ვიღაცამ ვიღაცას შესაძლოა უხეშად მიმართოს, მაგრამ მთავარია, ამ ფაქტზე სახელმწიფოს რეაგირება არის თუ არა. სახელმწიფო როდესაც გმობს ამ პირთა ძალადობს, იღებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს, აცხადებს ყველაგან, რომ ამ პირთა უფლებები უნდა იყოს დაცული, ამ შემთხვევაში არ მგონია, ამ კუთხით გაუსაძლისი ვითარება იყოს შექმნილი ქვეყანაში", - განაცხადა მაღრაძემ.


რაც შეეხება სკოლებში ახალი სტანდარტის დანერგვას, პარლამენტარი მომხრეა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანი „მე და საზოგადოება" ისწავლებოდეს.


„მე მომხრე ვარ, სკოლებში ისწავლებოდეს საგანი „მე და საზოგადოება". ასეთი საკითხები ყოველთვის ისწავლებოდა სკოლებში. ჩემს დროს ისწავლებოდა ოჯახური ურთიერთობები, სადაც მსგავსი საკითხები იყო წარმოდგენილი. ბავშვი დიდ დროს ატარებს სკოლაში, ხოლო მასწავლებელი არის ის, ვინც იცის, როგორ ასწავლოს ბავშვს. მშობელმა ხშირად არც იცის, როგორ გადმოსცეს, რადგან მას არ აქვს სპეციალური პედაგოგიური განათლება. ამიტომ სკოლამ, გარდა სწავლებისა, აღზრითი ფუნქციებიც უნდა აიღოს. ბავშვს, გარდა იმისა, რომ მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა ეცოდინება, უნდა ჰქონდეს შეგნება, რომ ის არის ქვეყნის მოქალაქე მიუხედავად იმისა, რომ პატარაა, ასაკის შესაბამისი მოვალეობები აქვს, ხოლო როცა გაიზრდება, უფრო მეტი უფლებები და მოვალეობები ექნება", - განაცხადა მაღრაძემ.


მისი თქმით, ბავშვს სკოლის ასაკშივე უნდა განუვითარდეს ცნობიერება ისე, რომ ყველა განსხავებულის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს.


„სკოლაში ბავშვებს უნდა გამოვუმუშავოთ ისეთი ცნობიერება, რომ ყველა განსხვავებულობის მიმართ ჰქონდეთ ტოლერანტული დამოკიდებულება. არ გამოვყოფ არცერთ უმცირესობას, საერთოდ ყველას მიმართ უნდა არსებობდეს შემწყნარებლური დამოკიდებულება. ზოგი მაღალია, ზოგი დაბალია, ზოგი ლგბტ პირია, ზოგი აზერბაიჯანელია, ზოგს განსხვავებული მოსაზრებები აქვს... მაგალითად, ბავშვებს ხშირად აქვთ ხოლმე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანატოლების მიმართ დამცინავი დამოკიდებულება. ეს უნდა გადავალახინოთ, მათ უნდა ჩამოუყალიბდეთ ცნობიერება, რომ ადამიანები არიან განსხვავებულები და ყველას მიმართ უნდა იყვნენ შემწყნარებლები", - განაცხადა მაღრაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას.



1 მარტს ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ გამოაქვეყნა მოხსენება საქართველოს შესახებ, სადაც იძლევა რეკომენდაციას, გადაიდგას ნაბიჯები ლგბტ პირთა წინააღმდეგ მიმართულ შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციასთან საბრძოლველად. მასში აღნიშნულია, რომ ლგბტ საკითხებზე ბალანსირებული და ობიექტური სწავლების არარსებობის გამო მოსწავლეები მოწყვლადნი რჩებიან ქართველ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული ჰომო/ტრანსფობიური დისკურსის მიმართ. ბავშვებს უნდა ჩამოვუყალიბოთ განსხვავებულების მიმართ ტოლერანტობა.



„ლგბტ თემსა და სახალხო დამცველთან თანამშრომლობით უნდა შეიქმნას ლგბტ-სადმი მიძღვნილი დეპარტამენტი. ასევე, უნდა შემუშავდეს სათანადო ელემენტები სკოლებში ცნობიერების ასამაღლებლად", - აღნიშნულია მოხსენებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner