საქართველოს პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „რუსთავის აზოტსა" და EBRDს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებას შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომპანია „რუსთავის აზოტი" არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი ჩვენს ქვეყანაში.
„კომპანია „რუსთავის აზოტი" არის ერთერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი ჩვენს ქვეყანაში. ეს არის კომპანია, რომელსაც ექსპორტზე გააქვს ჩვენი საექსპორტო კალათის მნიშვნელოვანი წილი და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ თავისი საექსპორტო პოტენციალი გაზარდოს, შეამციროს ის ენერგოდანახარჯები, რომელიც მას აქვს და ახალ ტექნოლოგიებზე გადავიდეს. პროცესში ჩართულია „საპარტნიორო ფონდიც", რომლის ძირითადი ამოცანაა სწორედ ხელი შეუწყოს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ექსპორტის პოტენციალისა და ასევე სამუშაო ადგილების გაზრდის შესაძლებობას მოგვცემს", - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.