„ამერიკის „მოსალოდნელი სანქციებიც დაგვიწესეს“. საყოველთაოდ ცნობილია რომ, წლებია „ნაცების“ საგარეო-პოლიტიკური ვექტორის „კოვზი ნაცრიდან“ ვეღარ ამოდის. თუმცა, გახარიას ამასწინანდელი ნათქვამი, რომ „ქართული ოცნების“ საერთაშორისო დონეზე დაშვებულ შეცდომებს ის ასწორებს, იმედია არ გულისხმობს მის „ოპოზიციურ წვლილს“ ამერიკის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერის კიდევ უფრო გაღრმავებაში“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში აშშ აპროპრიაციის კომიტეტის მიერ 2022 წლისთვის დამტკიცებულ კანონპროექტთან დაკავშირებით.
„აპროპრიაციის კომიტეტმა 2022 წლისთვის დაამტკიცა სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების (SFOPs) შესახებ კანონპროექტი, რომლის თანახმად, საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ $132 025 000-ს.
ამას გარდა, კანონპროექტი ითვალისწინებს „რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდიდან“ $290 მილიონის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსთვის, სამართალდამცავი და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარებისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და ნატო-სთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით.
კანონპროექტის თანახმად, დაფინანსების ნაწილი უნდა მოხმარდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირებისა და სავაჭრო შეთანხმებების შესრულებას, ისევე როგორც საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის შემცირებას“, - წერს გია აბაშიძე facebook გვერდზე.