logo_geo
eng_logo
სერგო მეთოფიშვილი: ანა ნაცვლიშვილი ცდილობს სადეპუტატო მანდატი ბოროტად გამოიყენოს და მოსამართლეთა პერსონალური სანქცირების საკითხის მის მიერვე ინიცირების გზით, დააშანტაჟოს სასამართლო ხელისუფლება
- +

4 ივლისი. 2021. 00:00

 

სერგო მეთოფიშვილი მიიჩნევს, რომ როცა პარლამენტის წევრი სასამართლო ხელისუფლებაში „ქირურგიულ ჩარევებს“ და თანამდებობებზე ლეგიტიმურად, უვადოდ გამწესებული მოსამართლეების „სახლში გაშვებას“, რეპრესიებს აანონსებს, იგი ხელყოფს ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს.

 

„პარტია „ლელოს“ კვოტით საქართველოს პარლამენტში მოხვედრილი ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემას სჭირდება „ქირურგიული ჩარევა“ და აცხადებს, რომ თუ ის მოვა ხელისუფლებაში, მოსამართლეთა უდიდეს ნაწილს „სახლში გაუშვებს“. ყოველთვის, როცა ქალბატონი ნაცვლიშვილი სასამართლოზე საუბრობს, ვერ მალავს აშკარა აგრესიას: მაშინაც, როცა ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ უძღვებოდა და ახლაც, პარლამენტის წევრის სტატუსით. იგი არ არის ობიექტური შემფასებელი: მისი მამა - ამირან ნაცვლიშვილი (1993-1995 წლებში ქუთაისის მერის მოადგილე იყო და ქუთაისის საავტომობილო ქარხანას ხელმძღვანელობდა; ამავდროულად, სახელმწიფოს შემდეგ ქარხნის უმსხვილესი აქციონერი იყო) ხომ სასამართლოს მიერ იქნა მსჯავრდებული, მისივე ინიციატივით გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების გზით, ისე, რომ გადაიხადა ჯარიმის სახით 35000 ლარი, ასევე - აანაზღაურა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი 4201663 (ანუ - ოთხ მილიონზე მეტი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდების ეს საქმე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობის საგანიც იყო (განაცხადი №9043/05), თუმცა - მისი 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით, არანაირი დარღვევა გამოვლენილა.

ზოგადად, როცა პარლამენტის წევრი სასამართლო ხელისუფლებაში „ქირურგიულ ჩარევებს“ და თანამდებობებზე ლეგიტიმურად, უვადოდ გამწესებული მოსამართლეების „სახლში გაშვებას“, რეპრესიებს აანონსებს, იგი ხელყოფს ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს; არადა, ქალბატონი ანას ამომრჩევლების - საქართველოს მოქალაქეების ურყევი, კონსტიტუციით გაცხადებული ნებაა, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო.

 

საქართველოს კანონმდებლობით სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობისათვის უკვე იმდენად მყარი გარანტიებია გათვალისწინებული, რომ პრაქტიკულად გამორიცხულია ქალბატონი ნაცვლიშვილის მიერ ნაგულისხმები „ქირურგიული ჩარევების“ და რეპრესიების განხორციელება. მოსამართლეთა კორპუსიც იმდენად ძლიერი და ერთსულოვანია, რომ ასე ადვილად არავის მისცემს შესაძლებლობას - შელახოს მისი დამოუკიდებლობა ან მოსამართლეები „სახლში გაუშვას“.

 

საგულისხმოა, რომ ქალბატონი ნაცვლიშვილის ეს განცხადება ორიოდე დღის წინ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის - ბადრი ჯაფარიძის მიერ გავრცელებული განცხადების გაგრძელებაა, რომლითაც პატივცემული ბადრი მოსამართლეებს აშშ-ის სენატისგან და სახელმწიფო დეპარტამენტისგან პერსონალური სანქციების დაწესებით დაგვემუქრა. იმ შემთხვევაშიც, სახეზე იყო პირადი ინტერესი: ბადრი ჯაფარიძე ხომ საქართველოს საერთო სასამართლოებში ერთ-ერთი მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულს წარმოადგენს; ამდენად, ის ცდილობს - სადეპუტატო მანდატი გამოიყენოს ბოროტად და მოსამართლეთა პერსონალური სანქცირების საკითხის მის მიერვე ინიცირების გზით, დაემუქროს, დააშანტაჟოს სასამართლო ხელისუფლება“, - წერს სერგო მეთოფიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner