logo_geo
eng_logo
საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, პროგრამით „დანერგე მომავალი“ გაშენებული კაკლის ბაღში პირველ მოსავალს ელოდებიან
- +

5 ივლისი. 2021. 12:43

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, ვალერიან მჭედლიძესთან ერთად ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით გაშენებული კაკლის ბაღი დაათვალიერეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

ლევან დავითაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, თითოეულ რეგიონს საკუთარი პოტენციალი აქვს.

 

„რეგულარულად დავდივართ რეგიონებში. სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, თითოეულ რეგიონს საკუთარი პოტენციალი აქვს. შიდა ქართლი განსაკუთრებით აღსანიშნავია. ის, კახეთის რეგიონთან ერთად, ერთ-ერთი ლიდერია პროგრამაში „დანერგე მომავალი“. სწორედ პროგრამის მხარდაჭერით გააშენა კომპანიამ „აგროფცა” კაკლის ახალი პლანტაცია. კაკალი პოპულარული კულტურაა, რომელიც, ბოლო წლებია, ინტენსიურად შენდება საქართველოში. „აგროფცას” პლანტაცია საოკუპაციო ხაზთან არის გაშენებული, აქედან სულ რამდენიმე ასეულ მეტრში, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ტერიტორია ოკუპირებულია. ჩვენ გავაგრძელებთ სახელმწიფო პროგრამების თანადაფინანსებას მომავალ წლებში და ის ამბიციური მიზანი, რომ მეხილეობის ექსპორტმა ათწლიან პერსპექტივაში, დაახლეობით, მილიარდი დოლარი შეადგინოს, აბსოლუტურად რეალისტური იქნება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

 

პროგრამით „დანერგე მომავალი“ კაკლის ბაღი შპს „აგროფცამ“ 15 ჰექტარზე გააშენა. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 79,000 ლარს აღემატება.

 

შპს „აგროფცამ“ სახელმწიფოს მხარდაჭერით კაკლოვანი კულტურების შემნახველი მეურნეობაც მოაწყო. გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება 576,000 ლარს აღემატება, შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა კი 890 000 ლარს აჭარბებს.

 

პროგრამით „დანერგე მომავალი“, ქვეყნის მასშტაბით, კაკალის ბაღი 3,231 ჰა-ზე გაშენდა, დაფინანსება 15.7 მილიონ ლარს აჭარბებს. მათ შორის, შიდა ქართლში კაკალი 576 ჰა-ზე გაშენდა, დაფინანსება 2.9 მილიონ ლარზე მეტია.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner