„საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის ყოფილი მოადგილე გ.ვ. დააკავეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის 7 მარტს, ამავე დანაშაულებრივ ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ.შ. დააკავა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ნოემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენისა და მხილების მიზნით საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გაგრძელდა.
საქმეზე მიმდინარე გამოძიების პარალელურად, გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის მოადგილე გ.ვ. მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, პროკურორ დ.შ.-ს დაკავებიდან მოკლე პერიოდში, დათხოვნილ იქნა პროკურატურის რიგებიდან.
გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების შედეგად, დამატებით მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის თებერვალში თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის ყოფილმა მოადგილემ გ.ვ.-მ და ამავე დანაყოფის პროკურორმა დ.შ.-მ, ამ უკანასკნელის საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის ოჯახის წევრს, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ქრთამის სახით, 50 000 ლარის ოდენობის თანხის გადახდა მოსთხოვეს და 2020 წლის 6-7 მარტს, ათ-ათი ათასი ლარის ოდენობის თანხა ორ ნაწილად გამოართვეს, რა დროსაც დ.შ. დაკავებულ იქნა გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ.
მიმდინარე წლის 5 ივლისს, გ.ვ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულ გ.ვ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
აქვე დამატებით ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პროკურატურა კორუფციულ დანაშაულზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს და შეურიგებელია მსგავსი კატეგორიის დანაშაულების, მათ შორის, პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის მიმართ და მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში პროკურატურას უმკაცრესი რეაგირება ექნება.
ასევე, ვთხოვთ საზოგადოებას, ანალოგიური დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დანაშაულის აღკვეთისა და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას“, - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.