logo_geo
eng_logo
პირი, რომელიც გუშინდელ აქციაზე სკუტერით ხალხის მასაში შევარდა, პოლიციამ დააკავა
- +

6 ივლისი. 2021. 12:08

 

 

პირი, რომელიც რუსთაველის გამზირზე სკუტერით ხალხის მასაში შევარდა, პოლიციამ დააკავა. ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

 

ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე შსს-მ სულ 3 ადამიანი დააკავა, მანამდე კი ადმინისტრაციული წესით 8 პირი დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა რომ დაკავებულებმა ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის, მთავარი არხის, გამოცემა „ტაბულას“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება.

 

გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის 1 ნაწილით გრძელდება.„ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ დროის მონაცემებით უკვე გამოიკითხა სხვადასხვა მედიასაშუალების 25 წარმომადგენელი, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა, ასევე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები“, - აცხადებენ შსს-ში.

 

აგრესიულად განწყოფილი ჯგუფები გუშინ ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთი მედიასაშუალების თანამშრომლებს. ამასთან, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები „პრაიდის“ ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ, დაიკავეს აივანი, ჩამოხსნეს ლგბტ თემის შვიდფერიანი დროშა და საქართველოს დროშა აღმართეს. მოგვიანებით, „სირცხვილიას“ ოფისს ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner