„ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ჩვენ რეგიონში მოვიპოვეთ ლიდერის სტატუსი და რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი მიზანმიმართული, ეკონომიკის წამახალისებელი პოლიტიკის შედეგი“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის - „ეკონომიკა - 2030" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის პროგრამები, რასაც ხელისუფლება ახორციელებდა და დღესაც ახორციელებს მცირე ბიზნესის, ადგილობრივი წარმოების, ექსპორტის წახალისების მიმართულებით.
„ბიზნესი ჩვენი ხელისუფლების პირობებში არის თავისუფალი თავის არჩევანში. ჩვენ ახლა რეალურად ვავითარებთ კერძო ბიზნესის ინიციატივაზე დამყარებულ ეკონომიკას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის პროგრამები, რასაც ჩვენ ვახორციელებდით და დღემდე ვახორციელებთ მცირე ბიზნესის, ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის წახალისების მიმართულებით. როდესაც ვსაუბრობთ, რომ პანდემიით გამოწვეული ვარდნის შემდეგ, როდესაც 2020 წელს - 6,2% ეკონომიკური ვარდნა გვქონდა, ჩვენ რეგიონში ეკონომიკური ტემპების თვალსაზრისით ერთ-ერთ ლიდერ სახელმწიფოდ დავრჩებით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება გაათმაგებული ძალისხმევა, რომ მივაღწიოთ კვლავ ლიდერის სტატუსს. ბოლო თვეებში ვხედავთ, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. უპრეცედენტო ზრდა გვქონდა აპრილში, უპრეცედენტო, ორნიშნა ზრდა იყო მაისში, რაც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლოს სულ მცირე 8%-იანი ზრდით დავასრულებთ წელიწადს. ეს ნიშნავს, რომ სრულად გავანულებთ გასული წლის ვარდნას და გადავალთ აბსოლუტურ ზრდაზე. ხოლო შემდეგ, 2025-2030 წლებში კვლავაც შევინარჩუნებთ საშუალოდ 5 -5,2%-იან ეკონომიკურ ზრდას, რაც ჩვენ განგვიმტკიცებს ეკონომიკური ზრდის რეგიონული ლიდერის სტატუსს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.