„ჩვენი ამოცანაა, რომ 2025 წლისთვის, უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 15%-ს არ აჭარბებდეს, ხოლო 2030 წლისთვის 10% და უფრო ნაკლები იყოს. ეს იქნება გამარჯვება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ კოჯორში, საქართველოს ეკონომიკის განვითარების შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე - „ეკონომიკა 2030“.
მისივე თქმით, მთავრობა მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის განვითარებით აპირებს.
„ადგილობრივი, ქართული ბიზნესი არის ჩვენი ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი. ბოლო წლებში, ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ მცირე ბაზარი ხელოვნურად გაგვეფართოებინა და ჩვენი, ადგილობრივი მეწარმეებისთვის, ჩვენი ექსპორტიორებისთვის მეტი გასაქანი მიგვეცა. დღეს საქართველოს 46 ქვეყანასთან აქვს თავისუფალი, უბაჟო ვაჭრობის შესაძლებლობა. ეს მსოფლიოს მომხმარებლების დაახლოებით 30%-ია. ყოველდღიურად ვმუშაობთ კონკრეტულ ქვეყნებთან - დიდ ბრიტანეთთან, სამხრეთ კორეასთან, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, ინდოეთთან, აშშ-თან, რათა 2025 წლისთვის, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი 51 ქვეყანასთან, 2030 წლისთვის - სულ მცირე 57 ქვეყანასთან გვქონდეს. ეს იქნება მსოფლიო მოსახლეობის 72%. შედეგად, ჩვენი წარმოება გლობალურად იქნება კონკურენტუნარიანი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.