„სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ჩვენი ერთ-ერთო საკვანძო დარგი. ამ სფეროში, სულ მცირე, 3 მლრდ ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. პირველ რიგში, ესაა საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. ჩვენი შავი ზღვის სანაპირო არის კარიბჭე, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს. ამ მიმართულებით დღეს სამი დიდი პროექტი მიმდინარეობს. ესაა ფოთის პორტის გაფართოება, „პეისის“ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც აშშ - ის თანადაფინანსებით ხორციელდება და ანაკლიის პროექტი, რომელიც ჩვენი პრიორიტეტია. სულ მალე ძველი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების გადახედვის პროცესი დასრულდება და ჩამოვყალიბდებით, როგორი სტრუქტურით გავხადოთ ეს პროექტი უფრო მეტად მიმზიდველი ინვესტორებთან სასაუბროდ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის განვითარების ათწლიანი ხედვის პრეზენტაციისას.
მინისტრმა ასევე ისაუბრა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარეობასა და ახალქალაქში სარკინიგზო სადგურის მშენებლობის დასრულებაზე, რომელიც ახალი სარკინიგზო მიმართულების - ბაქო - თბილისი - ყარსის საკვანძო პუნქტია.
ნათია თურნავას ინფორმაციით, მთავრობა წარმატებით ავითარებს თბილისის მახლობლად ე.წ. მშრალი პორტების ქსელს და ამ მიმართულებით პირველი წარმატებული პროექტები უკვე ხორციელდება.
კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, შეეხებოდა ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტს, სადაც მგზავრთა გამტარუნარიანობა გაოთხმაგდა. მისი თქმით, კოპიტნარში ასევე მიმდინარეობს კარგო ტერმინალის განვითარება, რომელიც ტვირთებს მოემსახურება.
ტრანსპორტის სექტორზე საუბრისას, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარებაზე, კერძოდ, ისაუბრა საბორნე - საფიდერო მიმოსვლაზე საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების პორტებს შორის.