„მოულოდნელი იყო, რომ ჟურნალისტებზე ასეთი მასობრივი ძალადობა მოხდებოდა,“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ყველა დამნაშავე გამოვლინდება და სათანადო წესით დაისჯება. მისივე თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ დაისაჯოს ყველა, ვინც ძალადობა ჩაიდინა
„ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობა, რა თქმა უნდა, არ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე. შს სამინისტრო და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა ყველა დამნაშავე გამოვლინდეს. მოგეხსენებათ, გუშინ აქცია დღის მეორე ნახევარში იყო დაგეგმილი, მაგრამ სამწუხაროდ, მანამდე ჟურნალისტებზე მოხდა ძალადობა. მოულოდნელი იყო და ასეთი რამ არც ყოფილა, რომ ჟურნალისტებზე ასეთ მასობრივ ძალადობას ჰქონოდა ადგილი. აქამდე პოლიცია წარმარტებით მართავდა პროცესს, რათა ორი აქცია გაემიჯნა და მოწინააღმდეგე მხარეების ერთმანეთთან კონტაქტი არ დაეშვა. სამწუხაროდ, გუშინ საქმე აქციამდე არ მივიდა და მოხდა ჟურნალისტებზე ძალადობა, რაც მოულოდნელი იყო", - განუცხადა ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა.