„მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დავიბრუნოთ ტერმინი „სამშობლო“, ვიფიქროთ არა ჩვენი ჯგუფის ინტერესებზე, არამედ სამშობლოს ინტერესებზე. უნდა შევთანხმდეთ, რომ საზოგადოებაში უნდა გვქონდეს თანაცხოვრება და არა ერთმანეთის ატანა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„თანაარსებობა არის კარგი ტერმინი, რომელზეც ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, როცა ღირებულებებზე ვსაუბრობთ. ერთი საკითხი, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს, ეხება იმას, თუ რა არის ამ ყველაფრის მიზანი. მიზანი ხომ არაა ის, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი ერთმანეთის ატანაში იყოს მხოლოდ. როგორც დღეს ვნახეთ, პოლიციას შეუძლია იმის უზრუნველყოფა, რომ ამ ჯგუფებმა ერთმანეთი აიტანონ. თუმცა ჩვენ გვინდა არა ატანა, არამედ თანაარსებობა, რომელსაც რადიკალიზაცია და პოლარიზაცია ებრძვის. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დავიბრუნოთ ტერმინი „სამშობლო“, ვიფიქროთ არა ჩვენი ჯგუფის ინტერესებზე, არამედ სამშობლოს ინტერესებზე. უნდა შევთანხმდეთ, რომ საზოგადოებაში უნდა გვქონდეს თანაცხოვრება და არა ერთმანეთის ატანა. როდესაც ამას გააანალიზებენ საზოგადოების ეს ჯგუფები, ყველა მიხვდება, რომ ადამიანი არის სოციუმის ნაწილი და ყველამ ერთმანეთს უნდა გავუწიოთ ანგარიში. ყველა პოლიტიკური ძალა უნდა ამოდიოდეს არა საკუთარი დღის წესრიგიდან, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან. ვის აწყობს ეს ყველაფერი? გულწრფელად თუ ვუპასუხებთ ამას, ქვეყნის გარეთ ეს აწყობს რუსეთს, შიგნით კი რადიკალიზაცია და პოლარიზაცია აწყობს ჯგუფს, რომლის სახელიც ყველასათვის კარგად არის ცნობილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.