„ხელისშემშლელად ჩვენ გვევლინება სცენარი, რომლითაც ევროპა, დასავლური ფასეულობები არის ეს ლგბტ თემი. ამით ცდილობენ, მანიპულირება გაუკეთონ საზოგადოების მეორე ნაწილსა და ეს ყველაფერი შეაზიზღონ. უთხრან - ეს არის ევროპა, ეს არის ნატო, რაც აბსოლუტურად მცდარი მოსაზრებაა“, - განაცხადა ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა „იმედის ფაქტორში“.
მან კომენტარი გააკეთა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე და ქვეყანაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მინდა, სრული მხარდაჭერა და მადლობა ვუთხრა, როგორც რიგითმა მოქალაქემ, ჩვენს პოლიციელებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ ჩააბარეს პროფესიული ტესტი და არ დაუშვეს არეულობა. მაქსიმალური გააკეთეს, რათა მშვიდობიანად დასრულებულიყო თუნდაც, დღევანდელი აქცია. თუმცა, თუკი დავაკვირდებით იმ შედეგს, რაც მივიღეთ, ორი აზრი არ არსებობს, იკვეთება „ნაციონალური მოძრაობის“ ბელადის, სააკაშვილისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რაღაც ერთობლივი გეგმა. ეს არ შემიძლია, არ აღვნიშნო ერთი მიზეზიდან გამომდინარე.
ჩვენს ქვეყანას აქვს სერიოზული გეგმა. ვაპირებთ, განაცხადი გავაკეთოთ 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე. ჩვენ გვაქვს ნატოში გაწევრიანების მისწრაფება. ყოველივე ამის ხელისშემშლელად ჩვენ გვევლინება სცენარი, რომლითაც ევროპა, დასავლური ფასეულობები არის ეს ლგბტ თემი. ამით ცდილობენ, მანიპულირება გაუკეთონ საზოგადოების მეორე ნაწილს. თითქოს, ეს ყველაფერი შეაზიზღონ, უთხრან - ეს არის ევროპა, ეს არის ნატო, რაც აბსოლუტურად მცდარი მოსაზრებაა.
მეორე მხრივ, მათ კარგად იციან, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და მათ შორის, საპატრიარქო ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებისა და ევროპული იდენტობის სადარაჯოზე. აქედან გამომდინარე, ამას ემატება მისი ყველაზე მაღალი რეიტინგი ყველა კვლევის მიხედვით“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
მისივე თქმით, ეკლესიაზე დარტყმა აღნიშნული ძლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამისთვის ლგბტ თემის სიტუაცია შეარჩიეს.