„რაღაც გვერდითი მოვლენები კი არ არის მათთვის მთავარი, მათთვის მთავარია, დაუპირისპირდნენ სახელმწიფოს, ეკლესიას და იმას, რაზეც დგას ჩვენი იდენტობა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.
მან გუშინ განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ გარკვეული არეულობის უკან, ყოველთვის კონკრეტული პოლიტიკური ძალები დგანან.
„ყოველთვის ვხედავ ხოლმე, რომ როდესაც გარკვეული პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში არასწორი გზით ვითარდება და გარკვეული არეულობის კერები იქმნება, ყოველთვის ამის უკან კონკრეტული პოლიტიკური ძალები დგანან, რომელთა ინტერესებშია ამ არეულობის შექმნა. ეს არის პოლიტიკური ინტერესი. ამ შემთხვევაში ლგბტ ინტერესების დაცვა იყო აბსოლუტურად რაღაც გვერდითი მოვლენა. რეალურად ამ გეგმის მიზანი სულ სხვა იყო, რომელიც მათ დაისახეს და სამწუხაროდ, ნაწილობრივ, ამ ძალადობის გამო, მათ ამ გეგმის რეალიზაცია მოახერხეს, მათ ჰქონდათ გარკვეული ანტისახელმწიფოებრივი მიზანი, რასაც ისინი პირდაპირ ავლენენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, აღნიშნული პოლიტიკური ძალები აწარმოებენ ეკლესიის საწინააღმდეგო პროპაგანდას ყველანაირი აქტიური ფორმებით.
„დღეს განსაკუთრებით ვხედავდით ასეთ აქტიურ კამპანიას. პირდაპირ შეურაცხყოფენ ეკლესიას, პატრიარქს, რელიგიურ გრძნობებს და ეს აბსოლუტურად დაუფარავად ხდება. აქედან ჩანს, რომ რაღაც გვერდითი მოვლენები კი არ არის მათთვის მთავარი, მათთვის მთავარია, დაუპირისპირდნენ სახელმწიფოს, ეკლესიას და იმას, რაზეც დგას ჩვენი იდენტობა“, - აღნიშნა კობახიძემ.