logo_geo
eng_logo
შსს-მ ჟურნალისტებზე ძალადობის მონაწილე კიდევ ოთხი ადამიანი დააკავა
- +

7 ივლისი. 2021. 10:28

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 4 პირი:

 

1983 წელს დაბადებული ა.ნ., 1999 წელს დაბადებული თ.დ., 1986 წელს დაბადებული ი. ქ. და 1996 წელს დაბადებული თ. ხ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, დაკავებულმა ა.ნ.-მ და თ.დ.-მ ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

დაკავებულებმა ი.ქ.-მ და თ.ხ.-მ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2, 156-ის მე-2 ნაწილის „ა“ და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ამ დროისთვის, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ სულ შვიდი პირია დაკავებული. გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.

 

5 ივლისს, აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთი მედიასაშუალების თანამშრომლებს. ამასთან, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები „პრაიდის“ ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ, დაიკავეს აივანი, ჩამოხსნეს ლგბტ თემის შვიდფერიანი დროშა და საქართველოს დროშა აღმართეს. მოგვიანებით, „სირცხვილიას“ ოფისს ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner