შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ხეთაგუროვის ქუჩაზე პოლონელი ტურისტის დაჭრა „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებასა და მის კონტრაქციას არ უკავშირდება.
მისი თქმით, ტურისტი ფსიქიკურად ავადმყოფმა პირმა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაჭრა.
„აღნიშნული ფაქტი მოხდა სრულიად დამოუკიდებლად. ეს მოხდა „ვორონცოვზე“, ხეთაგუროვის ქუჩაზე, სადაც, როგორც ჩვენთვის ცნობილია და დედამაც გააკეთა განცხადება, რომ ფსიქიკურად დაავადებული პირი თავს დაესხა უცხოელს. ინფორმაცია, რომ თითქოს ეს „პრაიდს“ უკავშირდებოდა, სიცრუეა.
ეს მოხდა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, როცა არანაირ დაპირისპირებას იქ ადგილი არ ჰქონია. სრულიად მოულოდნელად მიეჭრა ეს პირი და სულ სხვა ადგილას, მოახდინა მისი ჯანმრთელობის დაზიანება“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს ხეთაგუროვის ქუჩაზე პოლონელი ტურისტი დაჭრეს.
ფაქტზე პოლიციამ 1 პირი დააკავა, რომელსაც ბრალი მკვლელობის მცდელობისთვის ედება.
დანაშაული 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.