„ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო“ - ხშირად უნდა წაიკითხონ ეს აფორიზმი ჩვენმა პოლიტიკოსებმა და პარტიებმა, განსაკუთრებით მათ, ვინც ახლა სწავლობს „ოპოზიციონერობას“ - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ექსპერტის აზრით, გიორგი გახარიას გაკეთებული განცხადებები ჩვეულებრივი ოპოზიციის ნარატივია.
„გასაგებია, რომ გახარია და მისი პარტია ვერ ჩამორჩებოდნენ საერთო ოპოზიციურ ფერხულს, მაგრამ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რას იტყოდა ან გააკეთებდა გახარია პრემიერ-მინისტრად რომ დარჩენილიყო?! ჩემი აზრით, მოიქცეოდა დაახლოებით ისევე, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი. ვინმეს გგონიათ, რომ იტყოდა მივესალმები რუსთაველზე გეი-აღლუმსო?! ეს საქართველოს გზაა ევროპულ ოჯახში და ა.შ. რა თქმა უნდა, არა. ისიც „პრაიდის“ მონაწილეებს ალტერნატიულ ადგილებს შესთავაზებდა. სხვა ყველაფერი მის განცხადებაში არის ჩვეულებრივი წყალი და სხვა ოპოზიციური პარტიების ნარატივის გადმომღერება. ორი დღე ჰქონდათ და შეეძლოთ უკეთესადაც წარმოჩინებულიყვნენ”, - წერს სოციალურ ქსელში ზაალ ანჯაფარიძე.