logo_geo
eng_logo
სოსო არჩვაძე: მადლობის მეტი რა გვეთქმის?!
- +

20 ივლისი. 2016. 18:13




ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე სახელმწიფოსთვის ნაჩუქარ „Black Sea Arena"-ზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ამ მასშტაბის პროექტები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სულ თითზე ჩამოსათვლელია" - პრეზიდენტის სასახლე, ქუთაისის პარლამენტის შენობა, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ ისინი სახელმწიფოს ფულით აშენდა, ეს საკონცერტო დარბაზი კი კერძო ინვესტიციით აიგო და შემდეგ გადმოეცა სახელმწიფოს.


არჩვაძე აკრიტიკებს იმ ექსპერტებს, რომლებიც „რუსთავი 2"-ის ეთერით გამოდიოდნენ და აცხადებდნენ, რომ ამ დარბაზის ჩუქებით ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს დიდი ტვირთი აჰკიდა. მისი თქმით, ამ ხალხს ხმა არ ამოუღია, როდესაც 2004-დან 2012 წლამდე ათასობით ადამიანს შუაღამისას კერძო ქონებას სახელმწიფოსთვის აფორმებინებდნენ.


„ბატონმა ივანიშვილმა, ფაქტობრივად, მოუხსნა სახელმწიფოს ფიქსირებული დანახარჯების აუცილებლობა და დაუტოვა მხოლოდ ცვალებადი დანახარჯების გაწევის აუცილებლობა. ეს არის საკმაოდ დიდი ეფექტი. მთლიანობაში ამ ორი კომპონენტის მიხედვით თუ ვიანგარიშებთ, 200-მილიონიანი პროექტი, სულ ცოტა, ერთნახევარზე გავამრავლოთ, ნიშნავს, რომ 300-დან 350 მილიონი ლარის ეფექტის მატარებელი რესურსი გადმოეცა სახელმწიფოს და ამ მხრივ, მართლაც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. „Black Sea Arena" არაა მხოლოდ წმინდა საკონცერტო და გასართობი დატვირთვის. სწორად აღნიშნეს: დიახ, ეს ობიექტი ინვესტიციების მოზიდვის მაგნიტი იქნება", - განაცხადა სოსო არჩვაძემ და აქვე ყურადღება იმ ეფექტსა და სარგებელზე გაამახილა, რასაც აღნიშნული არენა მოუტანს რეგიონსა და მთლიანად სახელმწიფოს, სხვადასხვა მიმართულებით.



ექსპერტის აზრით, სახელმწიფომ უნდა მოახერხოს, რომ ბილეთების გარკვეული სეგმენტი იყოს შედარებით დაბალი ფასის, რათა ეკონომიკურად ცოტა სუსტად მყოფმა მოქალაქეებმა და შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებმაც თავისუფლად მოახერხონ ამ დარბაზში კონცერტებზე დასწრება.


„ერთია დიდი ქველმოქმედის და მამულიშვილის დახმარება და მეორეა ის სისტემური პრობლემა, რომლის გამოსწორების გარეშეც ეკონომიკა ვერ განვითარდება. მხედველობაში მაქვს ეკონომიკური სტიმულები, რომლებმაც უნდა იმუშაონ იმის მიუხედავად, ეყოლება თუ არა ქვეყანას დიდი ქველმოქმედი. საჭიროა სტიმულების მექანიზმის ფორმირება, რაც ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, მეტი დოვლათი აწარმოონ.

 

პირობები უნდა შეექმნას მცირე მეწარმეს, გარედან დახმარების, ქველმოქმედის, სპონსორის თუ სხვათა გარეშე შეძლოს საბაზრო ურთიერთობათა სისტემაში ადგილის დამკვიდრება. ჩვენ გვჭირდება ისეთი მექანიზმი, რომლითაც ნებისმიერი ადამიანი თავისით შეძლებს საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ერთი ადამიანი, რაც უნდა დიდი ქველმოქმედი იყოს, მისი საქმიანობა მაინც არ არის საკმარისი ქვეყნის განვითარებისთვის", - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner