საქართველოს პროკურატურამ 5 და 6 ივლის, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ოთხ პირს – ა.ნ-ს, თ.დ-ს, თ.ხ-ს, ი.ქ.-ს, ხოლო კიდევ ერთ პირს ი.ყ.-ს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 და 6 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით გასამართი აქციის პარალელურად, მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ მიმდინარე აქციაზე, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულები ტელეკომპანია „მთავარი არხის“, „ტვ პირველის“ და „პალიტრანიუსის“ წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით, ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მედიის წარმომადგენლების მიერ არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.
„სამართალდამცველებმა ა.ნ, თ.დ, თ.ხ, ი.ქ. და ი.ყ. 2021 წლის 6 და 7 ივლისს დააკავეს. ა.ნ.-ს თ.დ-ს, თ.ხ-ს და ი.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ი.ყ-ს ბრალდება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
5 და 6 ივლისს „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 8 პირს წარედგინა.
ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 25 პირი, მათ შორის 19 ჟურნალისტი და ოპერატორი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების და ასევე, ორგანიზატორების დადგენის მიზნით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და დევნა კატეგორიულად მიუღებელია. ბრალდების მხარე დაზარალებულების კანონიერი ინტერესების დასაცავად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.