ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მომზადებული სამთვიანი სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ, სატყეო საქმის სპეციალისტები, ინვენტარიზაციის სამუშაოებს 30 ათას ჰა ფართობზე განახორციელებენ.
„მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების მესამე ეტაპი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და ორგანიზაცია „ძავიტა” მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტი „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გასული ორი წლის განმავლობაში, წარმატებულმა მეტყევეებმა ინვენტარიზაციის სამუშაოები ლაგოდეხში, ახმეტაში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღში განახორციელეს. ამ მიმართულებით საქმიანობას სააგენტო 2021 წელსაც აგრძელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„მნიშვნელოვანია, რომ გადამზადების მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მეტყევე-ტაქსატორების ახალი ნაკადი ამჯერად ადიგენის მუნიციპალიტეტში განახორციელებენ ინვენტარიზაციის სამუშაოებს. სატყეო საქმის სპეციალისტების დასაქმება, გასული წლების მსგავსად, სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ მათზეა დამოკიდებული სექტორის განვითარება“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, არჩილ ნიკოლეიშვილმა.
„ტყის ინვენტარიზაცია ტყის მდგრადი მართვისა და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვის საფუძველს წარმოადგენს. მისი სარევიზიო პერიოდი 10 წელია, თუმცა, უკანასკნელი ტყის ინვენტარიზაციის მასალები ქვეყანაში 1997 წლით თარიღდებოდა. სამწუხაროდ, საველე და ტყის მართვის გეგმების მომზადების სამუშაოების განმახორციელებელი შესაბამისი კვალიფიკაციის მეტყევე სპეციალისტების (ე.წ.ტაქსატორები) რაოდენობა დღეს ქვეყანაში საკმარისი არ არის. შესაბამისად ეროვნული სატყეო სააგენტო სატყეო განათლების მხარდაჭერასაც ახორციელებს.
ტყის ინვენტარიზაციის პროცესის აღდგენა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2013 წლიდან შეძლო. დღეისათვის, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ უკვე განახლებულია ინფორმაცია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 232 316 ჰა ფართობისთვის და ტყის მართვის გეგმები მომზადებულია მომავალი 10-წლიანი პერიოდისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.