„ექვსი ივლისის მოვლენების მნახველმა ადამიანმა ასეთი განცხადება არ უნდა გააკეთოს, გარკვეული მორალური უფლებაც უნდა გააჩნდეთ ადამიანებს, რომ ასეთი ბრალდებები წამოაყენონ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობსი წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ, ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
„საკუთარ წარსულსაც უნდა გადახედონ ამ მიმართულებით, როგორია მათი განვლილი კარიერა და გამოცდილება. შესაბამისად, არ მგონია, ისეთი პირობები გააჩნდეს ბატონ გიორგი გახარიას, რომ ასე თავისუფლად ჰქონდეს გარკვეული ბრალდებების წამოყენების უფლება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისათვის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ, გუშინ 6 ივლისს რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი მოვლენების თავიდან არიდება შესაძლებელი იყო.
„თითოეულ რიგით პოლიციელს მინდა, ბოდიში ვუთხრა, მე ხომ ვიცი, წინასწარ სპეციალური მუშაობით, სპეციალური ღონისძიებებით ეს ყველაფერი არიდებადი იყო“, – აღნიშნა გახარიამ.