„გამოწვევები ზოგადად არსებობს ჩვენს საარჩევნო სისტემაში და ეს არ არის გუშინდელი მოვლენა, 90-იანი წლებიდან დღემდე მიმდინარეობს საარჩევნო სისტემის რეფორმა. რასაც თქვენ კონკრეტული ორგანიზაციის დასკვნაზე მეკითხებით, რა თქმა უნდა, მე ამას არ ვეთანხმები,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 90-იანი წლებიდან დღემდე პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებს გარკვეული სპეციფიკა გააჩნია.
„ვურჩევდი, გადახედონ, შეხედონ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დასკვნებს, კარგად მოუსმინონ ევროპარლამენტიდან და ევროსაბჭოდან პარლამენტარების განცხადებებს, ჩვენი პოლიტიკური სიტუაციის მიმოხილვასთან დაკავშირებით. 90-იანი წლებიდან დღემდე პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებს გარკვეული თავისი სპეციფიკა გააჩნია, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, საქართველოში არჩევნების ხარისხი არჩევნებიდან არჩევნებამდე იზრდება და პრობლემების რაოდენობა იკლებს. ეს არის ჩვენი დანიშნულება და ჩვენი ვალი, გავიზიაროთ ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციები და კანონი ისე დავხვეწოთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიში მოამზადა. ორგანიზაციის განცხადებით, წინასაარჩევნო გარემო ძირითადად თავისუფალი იყო, თუმცა მას მნიშვნელოვანი პრობლემების გარეშე არ ჩაუვლია.