ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ, საინფორმაციო სააგენტო პია.გე-თან საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა ზაფხულის ბოლოს გარკვეული შეზღუდვების შემოღება მოგვიწიოს.
„ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით არა მაქვს დადებითი დინამიკის იმედი. ვფიქრობ, რომ ძალიან საყურადღებოა არსებული ვითარება, თუმცა არა საგანგაშო. მგონია რომ ინფიცირებულთა რიცხვი მოიმატებს. ძალიან ბევრი რამ გაიხსნა, ნიღბებს აღარ ხმარობს მოსახლეობა , არის მიტინგები, თავშეყრის დიდი ადგილები, ზაფხულის სეზონი და გარკვეული რისკის ქვეშ ვართ, არ უნდა მოვდუნდეთ და მოსახლეობამ კიდევ უფრო მეტად უნდა გამოიყენოს რეგულაციები,“ - აცხადებს მარინა ენდელაძე.
მისი თქმით, თუ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, გარკვეული შეზღუდვების შემოღება მოგვიწევს.
„პირბადე მოხსნილია ღია სივრცეში, სადაც არ არის სერიოზული თავშეყრები, სადაც თავშეყრის ადგილებია და ახლო კონტაქები ადამიანების, იქ პირბადე აუცილებლად გამოსაყენებელია.
ისეთი რაოდენობა მოსახლეობის არ არის აცრილი, რომ ვიყოთ მშვიდად. მართალია, ვაქცინაციის შემდეგ შეიძლება დაემართოს ადამიანს კორონავირუსი შედარებით იშვიათად, თუმცა ამ დროს არ გვქონია მძიმე შემთხვევები და გართულებები.
ვაქცინა იცავს ადამიანს ვირუსისგან ან დამძიმებისგან. ვაქცინაციაზე ძალიან უნდა გააქტიურდეს მოსახლეობა და უფრო მეტი უნდა იყოს მსურველი ვიდრე არის. ვაქცინაცია არის ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი და ყველაზე სერიოზული თავდაცვა ვირუსისაგან შემდგომ რეგულაციებთან ერთად,“ - აღნიშნავს მარინა ენდელაძე.