„რა თქმა უნდა, ჟურნალისტებზე ხელის დარტყმა, თითოეული აგრესიის შემთხვევები იყო, მაგრამ ასეთი მასიური, სხვადასხვა ლოკაციაზე, ერთდროულად დაწყებულიყო ჟურნალისტების დევნა, ეს არის მიუღებელი“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები შეაფასა და განაცხადა, რომ პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ.
„მე ბრძანება გავეცი, რომ ჟურნალისტები სცემონ და თქვენ ხელი არ გაანძრიოთ - ასეთი განცხადებები, არც მინდა ამ ადამიანებს შეურაცხყოფა მივაყენო.
თითქოს, გომელაურმა გასცა ბრძანება, რომ ჟურნალისტები სცემონ, უკაცრავად, ეს ხომ იდიოტიზმია, არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო ვინმეს და სახელი და გვარები დავასახელო. როგორ შეიძლება, ვინც არ უნდა იყოს, სუსტი თუ ძლიერი; მინისტრი თუ ხელისუფლება, რომ ასეთი რამ გააკეთო.
სამწუხაროდ, ასეთი რამ არ მომხდარა, რომ ჟურნალისტებზე ასეთი აგრესია წამოსულიყო. არასოდეს! რა თქმა უნდა, ჟურნალისტებზე თითოეული შემთხვევები იყო, ხელის დარტყმა, მაგრამ ასეთი მასიური, სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად დაწყებულიყო ჟურნალისტების დევნა, ეს არის მიუღებელი. რა თქმა უნდა, საშინელებაა. ვგმობ, ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა, მაგრამ მინდა ერთ რამეს ხაზი გავუსვა. პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. ის, რომ პოლიცია გვერდზე იდგა და არ ინძრეოდა, არ ეხმარებოდნენ - ბიჭები საავადმყოფოში მოხვდნენ; თავები აქვთ გატეხილი. ოპერაცია გაუკეთეს“, - განაცხადა გომელაურმა.
მისივე თქმით, რაც შეეძლოთ, მოძალადეებს აკავებდნენ.
5 ივლისს აგრესიულად განწყოფილი ჯგუფები გუშინ ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთი მედიასაშუალების თანამშრომლებს. ამასთან, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები „პრაიდის“ ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ, დაიკავეს აივანი, ჩამოხსნეს ლგბტ თემის შვიდფერიანი დროშა და საქართველოს დროშა აღმართეს. მოგვიანებით, „სირცხვილიას“ ოფისს ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს.