საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, პარტნიორი ქვეყნებისთვის ევროკავშირის 2022 წლის საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული დახმარების მობილიზება ძალიან მნიშვნელოვანია.უპრეცედენტო მხარდაჭერის გამოხატულებაა.
როგორც ზალკალიანმა განაცხადა, მოხარულია, რომ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოში ვიზიტისას დახმარების პაკეტი ჩამოიტანა.
„მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირის მხრიდან და ის გზავნილები, რომლებიც გააჟღერა ევროკომისარმა თბილისში, მიანიშნებს, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობას, ამ ურთიერთობის გაღრმავებას და იმას, რომ საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი იყოს შეუქცევადი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული პროექტები. ამ პროექტზე მუშაობა ჩვენ დიდი ხანია, დავიწყეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად. უკვე ორი წლის განმავლობაში, 2019 წლიდან მოყოლებული მათთან მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ვართ. უკვე წარდგენილი გვქონდა ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონი და საქართველო ამ კონტექსტში, რათა გარკვეულმა, კონკრეტულმა პროექტებმა ჩვენ მეტად დაგვაახლოვოს ევროკავშირთან.
ძალიან მიხარია, რომ საერთო ძალისხმევის შედეგად, ევროკომისარმა ჩამოიტანა ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პაკეტი, მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. დარწმუნებული ვარ, ყველა პროექტი განხორციელდება და ამ პროექტის სიკეთეს იგრძნობს საქართველოს თითოეული მოქალაქე. ამავე დროს, ეს არის გზავნილი საქართველოში მცხოვრები თუ არამცხოვრები ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც თესავს საქართველოში ანტიევროპულ განწყობებს და ნიჰილიზმს. ევროკავშირთან ინტეგრაციას, პროცესს მოაქვს ხელშესახები შედეგები და ამ პროექტების განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი მეტად ინტენსიური იქნება და უზრუნველყოფს ჩვენს ფიზიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანმა დაწვრილებით მიმოიხილა ის პროექტები, რომლებიც ევროკავშირის დახმარების პაკეტით არის გათვალისწინებული.
„ახლა რაც შეეხება უშუალოდ პროექტებს. ხუთი საფლაგმანო პროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი. ორი უდიდესი პროექტი იქნება განხორციელებული. მათ შორის შავი ზღვის გავლით წყალქვეშა ელექტროგადამცემები სისტემების და ასევე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტსაკაბელო სისტემის, რომელიც დააკავშირებს ჩვენს რეგიონს და არა მხოლოდ ჩვენს რეგიონს. რა თქმა უნდა, საქართველო არის რეგიონი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს მიღება, იგივე კასპიის მხრიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნების უმოკლეს გზას დასავლეთისკენ და ასევე ევროკავშირის უმოკლეს გზას აზიის მიმართულებით. ვფიქრობ, ეს ორი პროექტი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ასევე გაზრდის ჩვენს ფუნქციას რეგიონში. მესამე მიმართულება არის ასევე სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის საბორნე ინფრასტრუქტურის. მოგეხსენებათ, საქართველოს ევროკავშირიდან სახმელეთო საზღვარი არ აქვს, შავი ზღვა გვაკავშირებს ევროკავშირთან და მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა იყოს გამოეყენებული. სწორედ ეს მესამე მიმართულება, რაც სატრანსპორტო კომუნიკაციის, შავი ზღვის გავლით გამოყენებას გულისხმობს, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და დარჩენილი მიმართულება, რაც გულისხმობს პირველ რიგში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ეფექტიანად გამოყენებას, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის კუთხით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდაზე, სწორედ ეს მიმართულებაა, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის განვითარება და სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება. აქაც ასობით მილიონის ინვესტიცია განხორციელდება ევროკავშირის მხრიდან, რომელიც რა თქმა უნდა, მოიზიდავს ამ ინვესტიციებს. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, ისევე როგორც კიდევ ინტერნეტიზაციასთან დაკავშირებული პროექტები და გარემოს კლიმატური ცვლილებების პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული პროექტები. ეს არის პროექტები, რომლებიც განსაზღვრულია ამ პაკეტში“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.