logo_geo
eng_logo
„რუსთავი 2“-ის, „მთავარი არხის“, „ტაბულას“ და „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა
- +

8 ივლისი. 2021. 17:15

 

 

ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის, „მთავარი არხის“, გამოცემა - „ტაბულას“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულებს ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძეს და მურად დევლარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო.

 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ბრალდების მხარე დაკავებულების მხრიდან როგორც მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე ამახვილებდა ყურადღებას. პროკურატურა მიუთითებდა, რომ დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, ბრალდებულების სრული იზოლაცია იყო საჭირო.

 

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ისინი პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ და მათი დაცვის ქვეშ მყოფების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

 

ზაზა ჭაავას ადვოკატი 2000-ლარიანი, მურად დევლარიშვილის ადვოკატი კი 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. მესამე ბრალდებულს - ზურა მჭედლიძეს ადვოკატი არ ჰყავდა და ითხოვდა, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო.

 

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის, „მთავარი არხის“, გამოცემა - „ტაბულას“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება.

 

გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 126-ე მუხლის I ნაწილით და 225-ე მუხლებით გრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner