logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი იაპონიის ელჩს შეხვდა
- +

8 ივლისი. 2021. 18:54

 

 

2021 წლის 8 ივლისს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იმამურა აკირასთან.

 

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის და დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და რეგიონში არსებული ვითარება, აღინიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ განხორციელებული წარმატებული მედიაცია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი რეგიონის სტაბილურობისა და მშვიდობის განვითარებისთვის.

 

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის უკანასკნელ პერიოდში ურთიერთობების გააქტიურების დადებით დინამიკაზე და ქვეყანებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე ყველა შესაძლო მიმართულებით.

 

მხარეებმა დეტალურად განიხილეს ეკონომიკური მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერპსექტივები რეგიონალურ ფორმატებში, მათ შორის იაპონია-საქართველო-ევროკავშირის ფორმატში. აღინიშნა ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სფეროებში დაკავშირებადობის საკომუნიკაციო მიმართულებების შემდგომი გაღრმავების აუცილებლობა.

 

მხარეებმა ასევე განიხილეს ქვეყნებში პანდემიის მხრივ არსებული მდგომარეობა და ვაქცინაციის პროცესი. დავით ზალკალიანმა იაპონიის ელჩს მადლობა გადაუხადა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის, ასევე საქართველოსთვის წლების განმავლობაში ფინანსური დახმარებისთვის. ხაზი გაუსვა სხვადასხვა სექტორში იაპონიის კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას. ასევე აღინიშნა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ გაწეული სამუშაოების მნიშვნელობა.

 

იაპონიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას.

 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ქვეყნებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას და გამოხატეს მზაობა თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებისა და გაღრმავების შესახებ.

 

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა, ტოკიოს ოლიმპიადის მნიშვნელობას, როგორც ხალხთა გაერთიანების საშუალებას, განსაკუთრებით გლობალური პანდემიის პირობებში და უსურვა ოლიმპიადის წარმატებით ჩატარება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner