logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ბუმბერაზ ქართველს - რეზო ლაღიძეს გაუმარჯოს ზეციურ საქართველოში!
- +

8 ივლისი. 2021. 22:05

 

10 ივლისს რეზო ლაღიძეს 100 წელი შეუსრულდება.

 

საკმაო ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც აღესრულა, მაგრამ... სულაც არ მივუტოვებივართ. ერთი დღე არ გავა, რომ არ ისმოდეს მისი სიმღერები. არცერთ ქართველ კომპოზიტორს, მათ შორის სახელგანსმენილთ, არ ღირსებია ასეთი ბედნიერება. ღირსეულთ არ დაკლებიათ პატივისცემა, სიყვარული, მოგონება, მაგრამ... რეზო ლაღიძე ამ მხრივ უნიკალურია. იგი ჟღერს ყოველდღიურად რადიოთი, ტელეეკრანიდან, სცენიდან, საზეიმო "სუფრიდან", გუნდურად თუ სოლოდ, სხვადასდხვა ინსტრუმენტებით, მიკროფონით თუ უმიკროფონოდ...

 

რომ არსებობდეს წოდება  "სახალხო კომპოზიტორი", რომ მოეწყოს ყველა თაობაში გამოკითხვა, "თუ ვის უნდა მიენიჭოს, უწინარესად, ეს სახელი", პირადად მე ეჭვი არ მეპარება, რომ  დ ღ ე ს ა ც(!)  ერთერთი პირველი დასახელდება რეზო ლ ა ღ ი ძ ე. ჩემს ასეთ რწმენას მატებს გაბედულებას ის ფაქტი, რომ, ამ ასწლეულის დასაწყისში, ერთხელ უკვე ჩატარდა ლამის მსგავსი გამოკითხვა და "პირველ ადგილზე გასული" რეზო ლაღიძე აღიარეს "საუკუნის კომპოზიტორად"!

 

და ეს სრულებითაც არ აკნინებს სხვა გამოჩენილ ხელოვანთ, რომელთა სახელი ხალხის სიყვარულითაა გარემოსილი, რამეთუ, რეზო ლაღიძე მაინც...  რეზოა ლაღიძე!

 

დიდი ლოდინის შემდეგ, თბილისში, როგორც იქნა, ორიოდე წლის წინ,  დაიდგა მისი ძეგლი. 10 ივლისს, ბაღდათს "ახლიდან მოევლინება" , ლეგენდარულ სოფელ ოფჩაში დაბადებული მისი უკვდავი შვილი, ოღონდ... ბრინჯაოში ჩამოსხმული!

 

11 ივლისს კი ქუთათურები, ლადო მესხიშვილის თეატრში,  იზეიმებენ მათთვის უსაყვარლესი კაცის, ქუთაისის დიდებული ჰიმნის ავტორის ასწლოვან იუბილეს.

ალბათ, დედაქალაქიც არ დატოვებს უყურადებოდ 1957 წელს შექმნილი შედევრის, მსოფლიოში გახმაურებული "თბილისზე სიმღერის" ავტორის სახელოვან საიუბილეო თარიღს.

 

მე კი ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ, გულწრფელ მადლობას საჯაროდ ვეტყვი ყველას, ვინც გაისარჯა ადრეც  და ახლაც სათაყვანებელი შემოქმედის ღვაწლის დაფასებისა და უკვდავყოფისთვის.

 

მაგრამ, თავს უფლებას მივცემ და, როგორც დეტალებში ჩახედული ადამიანი, მაინც გამოვყოფ მართლა გულიან კაცს, ნამდვილი ("ადრინდელი") "ქართული ხმების" ერთერთ ორგანიზატორს და წევრს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, დაუღალავ და უერთგულეს  ზურაბ  ლ ო ლ ა ძ ე ს, რომელიც, მრავალი წლის მანძილზე, ლამის "გადაჰყვა" დიდი რეზოს უკვდავყოფის საქმეს. ჰოდა, სამართლიანობა მოითხოვს ასე საჯაროდ მადლიერების გამოხატვას,

 

ისე, ქვეყანა რომ აირია, ბევრი რამ გადაფასდა, გაუქმდა, დაიშალა, გადაგვავიწყდა... მათ შორის "გაჰქრა" საქართველოს ტელევიზიის და რადიოს სახელმწიფო სიმფონიურო ორკესტრიც. გული მწყდება. არა მარტო იმიტომ, რომ "ჩაილურის წყალი დალია" ქართული მუსიკის, ქართველი კომპოზიტორების შემოქმედების პროპაგანდის მძლავრმა სტრუქტურამ, არამედ იმიტომაც, რომ ამ ორკესტრს მინიჭებული ჰქონდა დიდი რეზო ლაღიძის სახელი. და ეს გადაწყვეტილება გაფორმებული იყო მაშინდელი უმაღლესი კონსტიტუციური ორგანოს - რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საგანგებო ბრძანებულებით.

 

ვინმეს არ ეგონოს, რომ ეს ნაბიჯი იოლად გადაიდგა!!!!

 

მაშინაც იდგა მთაწმინდაზე მის დასვენების საკითხი, მაგრამ არსებული კანონმდებლობა ითხოვდა 25-წლიან პაუზას. არ წყდებოდა მაშინ, დღევანდელივით "ადვილად", მავანთა "კაპრიზების" და სავარაუდო "წივილ-კივილის" თავიდან აცილების მიზნით, ეს უაღრესად პასუხსაგები "პრობლემა".

 

ჰოდა, უკვე მრავალი წელია მთაწმინდა "ითხოვს" აკაკის უკვდავ "განთიადზე" შექმნილი მუსიკალური შედევრის ავტორს თავის უბეში განსასვენებლად!..

 

ვულოცავ საქართველოს დიდი მამულიშვილის, დიდი კომპოზიტორის, ხალხის უსაყვარლესი შემოქმედის  რეზო  ლ ა ღ ი ძ ი ს  საუკუნოვან იუბლეს.

 

ბუმბერაზ ქართველს - რეზო ლაღიძეს გაუმარჯოს ზეციურ საქართველოში!

 

არქივი

 

ბუმბერაზი რეზო ლაღიძე - ქართული ჰანგის ჯადოქარი

*******************************************************************

 

10 ივლისს რეზო ლაღიძის 97-ე დაბადების დღეა! დიდი რეზოსი, სრულიად საქართველოს, მთელი ხალხის ჭეშმარიტად უსაყვარლესი შემოქმედის, საუკუნის კომპოზიტორად რომ აღიარეს ამ 10-15 წლის წინ. სავსებით დამსახურებულად და სამართლიანად! ერთხელ კი გავიხსენე მასთან ურთიერთობა და, უპრიანი იქნება, თუ დღეს ერთად შევკრავ ორ მოგონებას. ...ბედნიერი ვიყავი და ვარ იმით, რომ მასთან მაკავშირებდა სიახლოვე. მეგობრობა – არა! უფრო სხვა, ასაკობრივი სხვაობიდან გამომდინარე, უფრო მამაშვილური ურთიერთობა, რომლითაც „ვსარგებლობდი“ კიდეც. ზოგჯერ შეხუმრებითაც (არა ფამილიარობით), გვიან დარეკვის უფლებით, სადმე (რა თქმა უნდა, მისთვის სასიამოვნო წრეში) დაპატიჟებით... მის ზარს, თხოვნას, დავალებას, რეკომენდაციას კანონის ძალა ქონდა ჩემთვის, რამეთუ კარგად მქონდა გააზრებული, ამ ნაბიჯის უკან ან მავანის ნიჭიერება იდგა (რომელსაც დიდოსტატის თვალი და სმენა უყოყმანოდ ამჩნევდა), ან ისეთი ტკივილი, გაჭირვება–მოთხოვნილება, რომელიც აიძულებდა კეთილშობილებით აღსავსე და ერთობ გულჩვილ ადამიანს – საქართველოს მაშინდელი პარლამენტის დეპუტატს, „რკინის ქალამნები“ ჩაეცვა და ნებისმიერი, მათ შორის უმაღლესი რანგის ჩინოვნიკი მოურიდებლად შეეწუხებინა. თავადაც უყვარდა და სიამოვნებდა ხელის გამართვა, თხოვნის შესრულება, მოფერება, გამხნევება... მეც, აკი ვთქვი ზემოთ, ახალგაზრდული წლებიდან „ვსარგებლობდი“ მისი ამ თვისებით და შეკლული მყავდა ხელში: ამა თუ იმ კონკურსის ჟიურის წევრობა, რომელიმე ნიჭიერი ჭაბუკის მოსმენა და მისთვის რჩევის მიცემა, ახალგაზრდულ შეკრებებზე სტუმრობა და ასე შემდეგ: მაშინ ხომ სისტემატურად ტარდებოდა საზეიმო თუ ღირსშესანიშნავი თარიღებისა და იუბილეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები... უარს არასოდეს გეტყოდა, ოღონდ...

 

აი, ეს ოღონდ არის მთავარი. თუ სანადიროდ ან სათევზაოდ აპირებდა წასვლას და შენი თხოვნის შესრულებას შეეძლო ამ „წმინდა“ საქმისთვის ხელისშეშლა, განწირული იყავი შენც და შენი თხოვნაც. გამორიცხული იყო მისი დათანხმება. უკვე მისი „მტერი“ იყავი და შეიძლებოდა „გამოგეტყუა“ შენი პიროვნების ისეთი შეფასება, რომელთაგანაც ყველაზე რბილი და უწყინარი იყო სიტყვა „იდიოტო“...  ნამეტანი შინაური უნდა ყოფილიყავი, ნამეტანი ახლობელი და საყვარელი, რომ ეს „წოდება“ დაგემსახურებინა. ერთი სიტყვით, სანადირო – სათევზაოდ გამზადებულ რეზოს ვერავითარი ძალა ვერ შეაცვლევინებდა გადაწყვეტილებას, რამეთუ ის სულიერად მდიდრდებოდა ბუნებასთან უშუალო შეხებით, ის იყო მისი შემოქმედების წყარო, ბუნების ჰანგებით საზრდოობდა მისი შთაგონება, მისი მუსიკა, მისი სიმღერები...

 

და მაინც, იყო ერთი შემთხვევა (რომელზედაც ერთხელ კი მოვყევი, მაგრამ ახლაც უპრიანია მისი გახსენება), როცა ბუზღუნით, ჩემი პიროვნების მისეული „შემკობით“ გულმოოხებულმა უარი თქვა სათევზაოდ წასვლაზე და როიალს მიუჯდა...

 

ჰიმნი დედაენას

 

 

 1977 წლის შემოდგომაზე აღინიშნებოდა სულმნათი იაკობ გოგებაშვილის უკვდავი „დედაენის“ იუბილე. მასშტაბი დიდი. ემოციებით, პატრიოტული სულისკვეთებით აღსავსე დღეები და...

 

ფინალი: ფილარმონიის დარბაზში დიდი საიუბილეო საღამო. წინა დღით გენერალურ რეპეტიციას ვატარებთ. რა თქმა უნდა, ვღელავ, პასუხისმგებლობა ჩემზე და ჩემ გუნდზეა. რეჟისორი, ასეთი დღესასწაულების განუმეორებელი დამდგმელი ნოდარ (ბიჭიკო) ჩხეიძე ჩვეულებრივ სტიქიაშია, თან მამშვიდებს, თან სიურპრიზებით „ხუნძლავს“ პროგრამას – რიტმი ჩინებულია, სილაღე, განათება მშვენიერი, ლექსები იცოცხლე, დეკლამატორები – ერთმანეთზე უკეთესი, გულში ჩამწვდომი სიმღერები მთლიანად საქართველოდან, მშობლიური ბუნების ულამაზესი კადრები...

 

თითქოს ყველაფერი წესრიგშია თითქოს წარმატება გარდუვალი იქნება. მაგრამ... აკვიატებულად მაწუხებს იმის ფიქრი, რომ რაღაც მარილი მაინც აკლია ამ „ფინალურ აკორდს“... „გამოვუტყდი“ ჩემს მოადგილეს, ჩემს მეორე „მეს“ – თემურ ჟღენტს, მერე „შევბედე“ ბიჭიკო ჩხეიძეს და... სამივემ თითქმის ერთად, დანანებით „ვაღიარეთ“, რომ ის „მარილი“, რომელიც აკლია აქაურობას და რომელზედაც „ვწუწუნებ“ არის... სიმღერა „დედაენაზე“ - კონკრეტულად და ზოგადად – მშობლიურ ქართულ ენაზე...

 

ჩხეიძემ მოკლედ მოჭრა: მორჩით ფანტაზიორობას, არ არსებობს ასეთი სიმღერა და მე საიდან გავაჩინო... ეს ერთი და, მეორე (დამარცვლით) - უკვე გვიან არისო... -მართალს ამბობსო, ნოდარ–ბატონი, დაემოწმა თემურ ჟღენტი და მუდარით მიჩურჩულა, ნუ არევ ამ აწყობილ საღამოსო... აღარაფერი მითქვამს. უკვე საკმაოდ გვიანი გახლდათ და სამსახურში დავბრუნდი.

 

შუაღამეს ცოტა აკლია და ვურეკავ ჩემს უფროს მეგობარს, რეზო ლაღიძეს.

 

ტრადიციული ბოდიში, გვიანი ზარისა გამო... მამშვიდებს, არაფერია, არ მეძინა, სათევზაოდ მივდივარ, უკვე გავდიოდი სახლიდანო...

 

ელდა მეცა: ვატყობ, ფუჭი იქნება ჩემი მცდელობა. სათევზაოდ გამზადებულ ბატონ რეზოს ახლა რომ შევბედო დარეკვის მიზანი, არ ამცდება მისეული „ნაზი“ შემკობა...

 

 არ ვჩქარობ, საგანგებოდ ვწელავ სათქმელს... კი მაგრამ, ვეკითხები, ხვალ დედაენის იუბილეზე არ აპირებ მოსვლას? მაგ დროისთვის ფორმაში ვიქნები და, რა თქმა უნდა გესტუმრებითო...

 

 წვრილ– წვრილად მოვუყევი, როგორი საღამო იქნება, ვინ მონაწილეობს, ვინ ესწრება და ასე შემდეგ... მივდივარ კულმინაციისკენ... მიხვდა, რომ რაღაც მაწუხებს და: დროზე მითხარი, რა ხდება, ასე გვიან რომ მირეკავო...

 

ბოლოს და ბოლოს გავბედე: სიმღერა აკლია ამ ყველაფერს და ხომ არ დაწერ–მეთქი... პაუზა... „ტკბილად შემკობის“ ნაცვლად შეკითხვა, რომელი საათიაო… შუაღამე იქნება სულ მალე–მეთქი... იუბილე როდის არისო... ხვალ-მეთქი ვუპასუხე. მერე, შენ სრულ ჭკუაზე თუ ხარო. მკითხა... სრულ ჭკუაზე რომ ვიყო, არ დაგირეკავდი, თანაც, თურმე, სათევზაოდ გამზადებულს–მეთქი...

 

ისევ პაუზა!

 

და... მართლა გამოუსწორებელი „ვიღაცა“ (!!!!) ხარო, მაგრამ... რა ვქნა… ჩემთვის ძალიან ახლობელიო... თანაც, ისეთ რამეს მთხოვო... ისე, ყველაფერს კი ვუმღერე... ქართულ ვაზს... ტყესაც... მეგობრობას... თბილისსაც... ისე, მგონი, მართალი ხარ... დედაენით უნდა დამეწყოო და... უცებ მოჭრა: კაი, ვიფიქრებო და გამოუმშვიდობებლად დამიკიდა ყურმილი. ... ღამის ოთხი საათია. სამუშაო კაბინეტში ვზივართ თემურ ჟღენტთან და თანამშრომლებთან ერთად. „დარჩენილ კუდებს“ ვამთავრებთ. და უცებ ზარი... ვეცი ტელეფონს.

 

რეზოს ხმა: გამოვიდა, შე „ვიღაცაო“(!!!!), გამოვიდაო... სიხარულისგან ენა ჩამივარდა. გენიოსი ხარ–მეთქი, კომპლიმენტს არ ვიშურებ მისთვის. ის კი, უკვე საქმიანად: ფილარმონიაში სარეპეტიციოდ მომიყვან მუსიკალური სკოლა–ინტერნატის გუნდს, „რუსთავს“ თავად მოვიყვან, ანზორ ერქომაიშვილი უკვე გავაღვიძეო... ...

 

იუბილეს დღე. დილის 11 საათია., ბოლო გენერალური რეპეტიცია. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში სიჩუმეა. ნახევარი საათი დასჭირდა ანსამბლის მომზადებას, „რუსთავის“ ბიჭებს კი უფრო ნაკლები და...

 

„აი ია, აი თითი...“ – გაისმა ბავშვების ტკბილი, გამაჟრჟოლებელი ხმა... „ოი, დედა ენავ!!!“... დასჭექა „რუსთავმა“... რეზოს გავხედე და... თვალებზე ცრემლი. ნოდარ ჩხეიძეს – თვალებზე ცრემლი... თემურ ჟღენტსაც წყლიანი თვალები... მივედი და რეზოს გადავეხვიე. მიჩურჩულა: არადა, შე მართლა „ვიღაცავ“ (!!!!), რა თევზაობა ჩამიშალეო... მარა, ღირდა, ბიჭო, ამ სიმღერისთვის მისი გაცდენაო... ალბათ ბევრია დღეს ცოცხალი, ვისაც ახსოვს, თუ რა ფურორი მოახდინა ამ სიმღერამ დედაენის საიუბილეო საღამოზე. ვიყავი ბედნიერი და ამაყი. არა მარტო იმიტომ, რომ მართლა მაგარი, იმ დროისთვის გამოკვეთილად ეროვნული საღამოს ჩატარების და გამარჯვებისა გამო. არამედ იმისთვისაც, რომ საქართველომ საჩუქრად მიიღო გენიოსის მიერ შექმნილი ჰიმნი, რომელიც ადიდებს მშობლიურ ენას. ... მეორე დღეს საჩუქრად მივიღე რეზოს ხელით შექმნილი „დედაენის“ ნოტები, სათანადო, გულისამაჩუყებელი წარწერით. რამდენადა ვიცი მისი ქალიშვილისგან, „ჰიმნი დედაენას“ იყო რეზო ლაღიძის მიერ შექმნილი ბოლო სიმღერა.

 

 

 ახლა კი მოგონების მეორე ფურცელი: სიმღერა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა

******************************************************

 

...ცუდად იგრძნო თავი და მოულოდნელად წაიყვანეს საავადმყოფოში, ვაკეში, „ლეჩკომისიას“ რომ უწოდებდნენ „შინაურულად“. ჩემზე უთქვამს, შეატყობინეთო... ქალბატონმა თინამ დამირეკა და... გვიანი საღამო იყო ამ დროს ჩვენი გუნდი ტრადიციულად სამსახურშია პირველი რაც გავაკეთე, საავადმყოფოს ერთ-ერთ მესვეურს თენგიზ ბეგიშვილს დავურეკე... გულმა შეაწუხა და ვამჯობინეთ, გადმოგვეყვანა ჩვენთანო. თან, „შეთქმულივით“ დაამატა, გელოდებაო!

 

ჩემებს ვთხოვე, სასწრაფოდ მოეგვარებინათ „ერთი დელიკატური“ საკითხი. შემდეგ რადიოს პროგრამების მორიგე რედაქტორი ვიხმე და ვთხოვე, გვიან, საღამოს ტრადიციულ გასართობმუსიკალურ გადაცემაში „აქცენტი“ რეზო ლაღიძის შემოქმედებაზე გაეკეთებინათ.

 

ასევე, ტელევიზიის პროგრამების გამომშვებს – რეზო ლაღიძეზე დოკუმენტური ფილმით შეევსო პაუზა შუაღამის გადაცემებს შორის და... „ლეჩკომისიას“ მივაშურეთ. ... თუ ასე სწრაფად მოხვიდოდი, არ მეგონაო... მერე ეშმაკურად „მოჭუტა“ თვალები და მკითხა, დავიჯერო, ხელცარიელი მოხვედიო... გულიანად გამეცინა და ვუპასუხე: ეგრე მიცნობ, რომ ეგ „შემეშლებოდა“-თქო და „დავამშვიდე“: ჩემები მალე გამოჩნდებიან-თქო. თანაც, დავძინე: ქალბატონ თინას და აქაური უფროსობის ნებართვა თუ არ იქნა, არაფერი გამოვა–თქო, მაინც „ლეჩკომისიაა“, ასი თვალი და ასი ყურია, „ჩაგვიშვებენ“-თქო. თინას მე მივხედავ, „უფროსობას“ შენო... მაგრამ მაგ „საკითხის“ მოგვარება ვისაც დაავალე, პურმარილის ყადრი ხომ იცისო...

 

შალიკაშვილს ეგ არ შეეშლება, პროფესიონალია–მეთქი. ესიამოვნა, ამ საქმეში დათო მასაც გამოცდილი ჰყავდა...

 

ამასობაში მოგროვდა კონსილიუმი - ამ სფეროში ვინც ავტორიტეტს წარმოადგენდა, ყველა გამოიძახეს, ითათბირეს, მკურნალობის გზები დაადგინეს, პაციენტი გაამხნევეს და... პალატა „საუფროსო“ იყო, საგანგებოდ იზოლირებულ ფლიგელში. დავრჩით „ლეჩკომისიის“ უფროსობა – უღალატო და სულ გვერდში მდგომი ამიგო კავკასიძე, თენგიზ ბეგიშვილი და თეიმურაზ ანჯაფარიძე, ქალბატონი თინა, ტელერადიოს „დესანტი“ და... პაციენტის საწოლთან სახელდახელოთ გაიშალა სუფრა. შალიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ბატონი რეზოს გემოვნებაში ჩახედულობის და საკუთარი „პროფესიონალიზმი“ მაღალი დონე. რეზოს საყვარელი „წელში გამოყვანილი“ ჭიქებით პირველად მისი გამოჯანმრთელების სადღეგრძელო შეისვა, მერე წავიდა და წავიდა...

 

ამასობაში ტელეგადაცემის დროც მოვიდა და... ვახშამი ყველას დაავიწყდა... გატრუნულები ვუცქერთ დოკუმენტურ ფილმს რეზო ლაღიძის შესახებ.

 

 

რევაზ ლაღიძე, პაციენტი აშკარად კარგ ხასიათზე დადგა, ექიმები ხუმრობენ, ფოფხაძემ მკურნალობის ახალი მეთოდი შემოიტანაო... ქალბატონი თინა აღარ აპროტესტებს „სუფრას“, იცის, ზომიერებას არ ვუღალატებთ... გვიან საღამოს, როცა მასთან მარტო „ტელედესანტი“ დავრჩით, დაიწყო რადიოგადაცემაც, რომელიც პიერ კობახიძის პაწია ლექსზე შექმნილი და ანგელოზი დები ჩაფიჩაძეების შესრულებული რეზოს სიმღერით - „გულს რად მიკლავ“ - დამთავრდა.

 

 

...ჰოდა, ბოლო აკორდის შემდეგ... დღესაც თვალწინ მიდგას საავადმყოფოს პალატაში მწოლიარე რეზო ლაღიძე, რომელსაც საოცრად დაფიქრებული, თვალებში ცრემლი უბრწყინავს... თითქოს, სადღაც შორს მყოფმა, მხოლოდ თავისთვის ჩაილაპარაკა: არაფერი ამაზე უკეთესი არ შემიქმნიაო... ისევ გაიმეორა, თითქოს საკუთარ თავს ეკამათებოდა: არა, არა! ეს ყველაზე უკეთესი გამომივიდაო...

 

და, ახლა უკვე სადღაც „შორიდან დაბრუნებულმა“ თითქოს ჩვენთვის საგანგებოდ დაამატა : ყველაზე მეტად სწორედ ეს სიმღერა მიყვარსო... ჩუმად გავიკრიფეთ პალატიდან, თავის ფიქრებთან მარტო დავტოვეთ კაცი, რომელიც დღესაც, მრავალი ათეული წლის განშორების შემდეგ, ბატონობს ჩვენი სულიერების ყველაზე მგრძნობიარე გამოხატვის სფეროში - ქართული სიმღერის უძველეს და უმდიდრეს სივრცეში. „ყველაზე მეტად სწორედ ეს სიმღერა მიყვარსო“ - ამ გულწრფელი და ემოციური ფრაზის თქვენთვის გადმოსაცემად დაიწერა ეს პატარა მოგონება. ამ ფრაზაშია განივთებული რეზო ლაღიძის შემოქმედების ყველაზე მთავარი ღირებულება - ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი. ამ „პაწია“ ფრაზაში და ამ ერთ სიმღერაშია განივთებული თავად რეზო ლაღიძე : მლოცველი სამშობლოსადმი უკიდეგანო სიყვარულზე, დაბადებული მშობლიური მიწა-წყლის, მისი უკვდავების სიმბოლოების - ბუნების, ვაზის განდიდება-გაფრთხილების მოწოდებისთვის, მშობლიური ენის ჰიმნის შექმნისთვის, ადამიანური სიწმინდეების - მეგობრობის და მეგობრების, ოჯახის და ლელას სიყვარულისთვის.

 

P.S.1: მიხარია, რომ ამ შემოდგომაზე, ალბათ, მოებმება თავი და წერტილი დაესმება აუხსნელ გაუგებრობას: როცა ქვეყანას, ქართველობას, ეროვნულ კულტურას ყავს ასეთი ბუმბერაზი კაცი, რომელმაც სათაყვანებელ დედაქალაქს შეუქმნა მსოფლიოში აღიარებული სავიზიტო ბარათი „სიმღერა თბილისზე“, არაერთმა ცხვირაწეულმა და პატრიოტობაზე ენაგატლეკილმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ენთუზიაზმით და უანგარობით კარგახნისწინანდელი შექმნილ-ჩამოსხმული ძეგლისთვის ღირსეული ადგილის შერჩევა და დადგმა.

 

P.S.2: ასევე, არა მგონია, ამ ბოლო ათწლეულებში დაფასებულ მოღვაწეების მნიშვნელობასა და სიდიადესთან შედარებით, თუ მეტი არა, ნაკლებად ღირსი იყოს დიდი რეზო ლაღიძის მთაწმინდის პანთეონში დავანება. ისევე, როგორც, საზოგადოების ბევრი ობიექტური და გულმხურვალე წარმომადგენელი ელის ობიექტურ, ღირსეულ გადაწყვეტილებას, რათა ამ წმინდა ადგილზე პატივით იქნან გადასვენებულნი მეოცე საუკუნის უდიდესი საზოგადო მოღვაწე და პოეტი ირაკლი აბაშიძე, დიდი ქართველი მეცნიერი პავლე ინგოროყვა, ქართული პატრიოტული ლირიკის შედევრების ავტორი ლადო ასათიანი... როდისმე ხომ უნდა ვისწავლოთ ღირსეულ წინაპართა ასევე ღირსეული დაფასება?!

 

 

 

 

მასალის სანახავად გადადით ლინკზე: https://reportiori.ge/inside.php?menuid=48&id=75378&fbclid=IwAR3V-9-FwKFOQLWKQDV1Q6J83m7MvRdru7GTK0GbD0WDZFkcnszt-6r5kqg

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner