შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ქალაქ გურჯაანში პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობა გახსნა.
უწყების პირველმა პირმა შენობა მოადგილეებთან, შალვა ბედოიძესთან, გიორგი ბუთხუზთან, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან გიორგი ალადაშვილთან და სხვა თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.
ახალი ობიექტი, რომელიც 100-ზე მეტ თანამშრომელზეა გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა.
შენობაში მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების ოთახები და სპორტული დარბაზი თანამშრომლებისთვის.
გურჯაანის პოლიციის სამმართველოს გარდა, ერთ სივრცეში სამინისტროს რამდენიმე დანაყოფი იქნება განთავსებული, მათ შორის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური, დაცვის პოლიცია და დროებითი მოთავსების იზოლატორი.
შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში, პოლიციელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და მოქალაქეებისთვის ეფექტიანი საპოლიციო მომსახურების მიზნით, 2020 წელს 16 ახალი შენობა აშენდა.
მიმდინარე წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პოლიციის კიდევ რამდენიმე ახალი შენობის გახსნა იგეგმება, მათ შორის პანკისის ხეობაში.