„სასამართლომ ბრალდების მხარის დასაბუთება გაიზიარა და მიიჩნია, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის საფრთხე“, – ამის შესახებ პროკურორმა, განაცხადა 5 ივლისის მოვლენებისას დაკავებულ ხუთ პირთან დაკავშირებით, რომელთაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.
პროკურორი აცხადებს, რომ საქმეზე წინასასამართლო სხდომა დაინიშნა 2 სექტემბერს.
„სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ხუთივე ბრალდებულის მიმართ გამოიყენა პატიმრობა. სასამართლომ ბრალდების მხარის დასაბუთება გაიზიარა და მიიჩნია, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის საფრთხე.
დანაშაულის სპეციფიკა ისაა, რომ კონკრეტული პირების მიმართ მათი საქმიანობიდან გამომდინარე იყო განხორციელებული ძალადობა. ეს ფაქტი ახალი დანაშაულის საფრთხეს კიდევ უფრო გადამეტებულს ზრდიდა. თქვენც მოისმინეთ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ სასამართლო არ დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას და სწორედ დასაბუთებაში განაცხადა, რომ დანაშაულის სპეციფიკა, დანაშაულის ხასიათი, ის, თუ რაში ედებოდათ ბრალდებულებს ბრალი, აძლევდათ შესაძლებლობას, ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა რეალური იყო“, – განაცხადა თამარ იაკობიძემ.
სასამართლომ 5 ივლისის მოვლენებისას დაკავებულ ხუთ პირს, მათ შორის საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.