„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. დიდი პატივია ისიც, რომ თქვენი ფორმა მაცვია. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფორმა, რამდენი შრომა და ვარჯიში დგას ამის უკან. ეს არის მომავალი გამარჯვების ნამდვილი საწინდარი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციის ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონიაზე.
„გავიარეთ ძალიან რთული წელიწადნახევარი, რომელიც თქვენთვის ალბათ კიდევ უფრო რთული იყო, რამეთუ სპორტსმენისთვის ასპარეზობის გარეშე ყოფნა ძალიან რთულია და ეს აფერხებს განვითარებას. თქვენ ამ ყველაფერს გაუძელით და დადგა ოლიმპიადის დღეები. დიდი მადლობა იაპონიას, რომელმაც მიიღო ეს გამოწვევა. ვიცით, რომ ძალიან რთულია ამ პირობებში მასპინძლობა. პანდემიის გარდა, ჩვენ ასევე გავიარეთ დაპირისპირების ძალიან რთული წლები და სპორტს ამაში განსაკუთრებული როლი აქვს. ოლიმპიური თამაშები გაერთიანებისა და მშვიდობის სიმბოლოა. ჩვენ გვჭირდება ამ სიმბოლოების გაძლიერება და გვჭირდებით თქვენ. საქართველოს სჭირდება საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენა და აღიარება. ესეც თქვენი მოვალეობაა და ვიცი, რომ ამას კარგად შეძლებთ. გუშინ ერთად ვხვდებოდით ავღანეთიდან დაბრუნებულ მეომრებს. ისინიც საქართველოს სახეს წარმოადგენდნენ ავღანეთში და ღირსეულად გაართვეს ამას თავი. ყველას გისურვებთ წარმატებას, გამარჯვებას. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ უკვე გამარჯვებულები ხართ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.