„ნამდვილად ვიცი, რომ ყველა თქვენგანს ჩემს შვილებთან ერთად გიგულშემატკივრებთ, რადგან მე მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ნახონ, რა არის საქართველოს სახელით ასპარეზობა და გამარჯვება, რაშიც მე დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციის ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონიაზე.
„მოგესალმებით გმირებს, რომელთა მიმართაც მთელი საქართველოს ყურადღება იქნება მომართული. ძალიან დიდი ემოციური შეგრძნებაა, როდესაც ვხედავ, როგორ გამოდიხართ. ვიცი, რომ არ დაზოგავთ თავს, რათა ასახელოთ საქართველო იქ, სადაც მთელი მსოფლიო გიყურებთ. წარმომიდგენია, როგორი ემოციები და შეგრძნება გექნებათ, როდესაც არენაზე გახვალთ და იცით, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც თუნდაც ერთი ქართველი ცხოვრობს, ყველა თქვენ გგულშემატკივრობს. მე ნამდვილად ვიცი, რომ ყველა თქვენგანს ჩემს შვილებთან ერთად გიგულშემატკივრებთ, რადგან მე მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ნახონ, რა არის საქართველოს სახელით ასპარეზობა და გამარჯვება, რაშიც მე დარწმუნებული ვარ. თქვენ მოუტანთ საქართველოს მედლებს, ბევრჯერ მოვისმენთ საქართველოს ჰიმნს და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს, რომ ვართ პატარა, მაგრამ ძლიერი ერი და გვყავს ჩემპიონები. მინდა გისურვოთ წარმატება და ვიცით, რომ დიდი გამარჯვებით და მედლებით დაგვიბრუნდებით“, - განაცხადა კახა კუჭავამ.