საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოში წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამობრძანებას ეხმაურება.
როგორც პერზიდენტი აცხადებს, ეს დღე როგორც ეკლესიისთვის, ასევე მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.
„დღევანდელი დღე მრავალმხრივ სიმბოლურია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის პირველ რიგში და მოსახლეობისთვის. დიდმოწამე ქეთევანის წმინდა ნაწილების შემობრძანება, დაბრუნება საქართველოში, მნიშვნელოვანია, რადგან მასთან ერთად შემოდის ბევრი სიმბოლო. ეს არის ქალის ყველაზე სასტიკი წამების მაგალითი, რომელიც მოყვება ჩვენს ისტორიას. მეორე მხრივ, გამძლეობის და მოთმინების მაგალითია, რაც ასევე ახასიათებს საქართველოს ისტორიას დღემდე. მესამე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და რაზეც ყველანი უნდა დავფიქრდეთ, ეს არის შემწყნარებლობის სიმბოლო, რადგან წმინდა ნაწილები შენახული იყო კათოლიკე მისიონერების მიერ და ისინი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, სამუდამოდ დაიკარგებოდა. დაგვიბრუნდა ინდოეთის მთავრობის და მოსახლეობის მხარდაჭერით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.