„როგორც ჩანს, აშშ-ის ელჩს არ მიაწოდეს ინფორმაცია, 5 ივლისს, დილით რა განცხადება გააკეთა პრემიერმა,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ 5 ივლისს დაპირისპირება არ მომხდარიყო, თუმცა აქცია ზოგადად პროვოკაციული შინაარსის იყო და ამის ინტერესი „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა.
„საქართველოს მთავრობამ და გუნდმა გააკეთა ყველაფერი, რათა დაპირისპირება არ მომხდარიყო. საზოგადოებაში იყო დიდი მღელვარება და იყო ინფორმაცია, რომ საკმაოდ ხალხმრავალი აქცია იგეგმებოდა. შესაბამისად, მთავრობის სხდომაზე პრემიერის დილის განცხადება ემსახურებოდა ერთი მხრივ, საზოგადოების ინფორმირებას, ხოლო მეორე მხრივ, პრევენციას, რომ საზოგადოებრივი წესრიგი ყოფილიყო დაცული. რაც შემდეგ განვითარდა, ძალადობა მედიაზე, ცხადია, ამას არავინ მოელოდა და ეს თითოეული ჩვენგანისთვის უკიდურესად აღმაშფოთებელი იყო, მაგრამ რა შუაშია აქ პრემიერ-მიმისტრის განცხადება? როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ქალბატონ ელჩს არ მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა განცხადება და შეფასება გააკეთა დილითვე პრემიერმა, ასევე არ უთარგმნეს იმ ბრიფინგის შინაარსი, რომელიც ევროკომისართან ერთად ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, არც იმ ბრიფინგის შინაარსი, რომელიც შსს-ს ჰქონდა, სადაც ჩვენ ვნახეთ, სწრაფი რეაგირება თითოეულ შემთხვევაზე, სადაც კი დაფიქსირდა ძალადობის ფაქტები.
სამართალდამცავების ეფექტური და სწრაფი რეაგირება ხორციელდება და დღემდე მიმდინარეობს აბსოლუტურად ყველა მოძალადის იდენტიფიცირება, რომელიც ვერ დარჩება პასუხისმგებლობის მიღმა. ცხადია, ჩვენ ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომ გვაქვს ვალდებულება, დავიცვათ თითოეული მოქალაქის უფლება და უზრუნველვყოთ მართლწესრიგი, თუმცა ეს აქცია ზოგადად იყო პროვოკაციული შინაარსის და ამის ინტერესი ჰონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, იგივე მათი აქტივისტებისგან შემდგარი ორგანიზაცია „სირცხვილია“ იყო აქტიურად ჩართული. ყველაფერი ეს მიგვანიშნებს, რომ ზუსტად ამ ძალებს არ მოსწონთ, რომ საქართველო უახლოვდება ინტეგრაციას ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში და ამის საწინააღმდეგოდ ცდილობენ, აქ შექმნან ისეთი ფონი, თითქოს, ადამიანის უფლებების დაცვა არ ხდება, რათა დააზიანონ ეს წინსვლა, მაგრამ ჩვენ 2024 წელს ამაყად და ღირსეულად, ქართული და ევროპული ღირებულებების დაცვით განვაცხადებთ ევროკავშირის წევრობაზე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მოლოდინი იყო, რომ 5 ივლისს განვითარებული მოვლენებისას პრემიერ-მინისტრი შეასრულებდა მთავარ როლს სიტუაციის დაწყნარებაში. ელჩის თქმით, „სამწუხარო იყო, რომ ამ დღეებში ვერ ვნახეთ უფრო ძლიერი ლიდერობა“.