გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული პროექტები რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ UNDP-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენელთან ოთარ კონჯარიასთან ერთად დაათვალიერა. სახელმწიფო რწმუნებული, ასევე გაეცნო პროექტის ფარგლებში მარტვილის კანიონთან განსახორციელებელ ახალ პროექტს, რომელიც კანიონის მიმდებარედ სავაჭრო პავილიონების მოწყობას ითვალისწინებს, რაც ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობისთვის ხორციელდება. მარტვილში დასრულების ეტაპზეა აგრობაზრის მოწყობა. მსგავსი პროექტი ხორციელდება აბაშაში, სოფელ ქოლობანში, ცენტრალური გზის მიმდებარედ.
გიორგი გუგუჩია მარტვილის შემდეგ სენაკში, ნოქალაქევის კომპლექსის მახლობლად თოკების პარკის მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნო. ახალი ტურისტული ატრაქცია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, ადგილობრივი თვითმმართველობის და UNDP-ის თანამშრომლობით განხორციელდა. თოკების პარკი გასული წლის შემოდგომაზე გაიხსნა და რეგიონში დღეს ერთ-ერთ მოთხოვნად ტურისტულ ლოკაციას წარმოადგენს.
გაერო-ს განვითარების პროგრამის ფარგლებში რეგიონში ექვსი პროექტი დაფინანსდა: აქედან სენაკის თოკების პარკის მსგავსად უკვე დასრულებულია ზუგდიდში ეთნო ცენტრის და ფოთში მარტოწყალას ტბაზე სპორტული თევზჭერის ინფრასტრუქტურის მოწყობა, მესტიაში კი ეწყობა კლდეზე ცოცვის ატრაქცია.
სწორედ ფოთში, მარტოწყალას ტბაზე განხორციელებული თევზჭერის ინფრასტრუქტურას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია სტუდენტებთან და UNDP-ის მცირე საგრანტო კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებულ ახალგაზრდებთან ერთად გაეცნო.
გარდა მუნიციპალიტეტების 6 ინიციატივის დაფინანსებისა, გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით, მცირე საგრანტო კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 3 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. ჯამში კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გასულ წელს პროექტების დაფინანსებისთვის გამოიყო 836 ათასზე მეტი ლარი.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) პროექტებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად ახორციელებს.