logo_geo
eng_logo
5 მარტს სტალინი გარდაიცვალა
- +

5 მარტი. 2016. 17:05

 

 

საბჭოთა რევოლუციონერი, პოლიტიკური, სამხედრო და პარტიული მოღვაწე, კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი იოსებ ბესარიონის ძე სტალინი (ჯუღაშვილი)1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა.


იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი დაიბადა 1878 წლის 21 დეკემბერს მეწაღე ხელოსნის ოჯახში, ქალაქ გორში. მისი მშობლები იყვნენ ქეთევან გელაძე (კეკე) და ბესარიონ ჯუღაშვილი.



სტალინი იყო საკავშირო კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი (1919-52), სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრი (1952-53), კომინტერნის აღმასკომის წევრი (1925-43), სრულიად რუსეთის ცაკ-ის წევრი 1917-იდან, სსრკ ცაკ-ისა - 1922-იდან, სსრკ I-III მოწვევების უმაღლესი საბჭოთა დეპუტატი. მინიჭებული ჰქონდა სოციალისტური შრომის გმირის (1939), საბჭოთა კავშირის გმირის (1945), საბჭოთა კავშირის მარშლის (1943) წოდებები, უმაღლესი სამხედრო წოდება - საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსის წოდება (1945). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, "გამარჯვების" 2 ორდენით, 3 წითელი დროშის ორდენით, სუვოროვის I ხარისხის ორდენით, აგრეთვე მედლებით. დაკრძალულია მოსკოვში წითელ მოედანზე.



გთავაზობთ ისტორიკოს სერგო ვარდოსანიძის facebook-სტატუსს იოსებ სტალინის შესახებ.


„1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა იოსებ სტალინი, საბჭოთა იმპერიის ძლევამოსილი მმართველი 1922-1953 წლებში. სტალინის პიროვნების შესახებ არაერთი წიგნი თუ სტატია დაიწერა და დაიწერება მომავალში, მას ბევრი ჰყავს მაქებარნიც, მაძაგებელნიც...

 

ამ წერილში მინდა ყურადღება გავამახვილო საზოგადოებისათვის ფოლკლორულ დონეზე ცნობილ ზოგიერთ ისტორიულ ფაქტზე... სოსო ჯუღაშვილმა 1894 წელს დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია და 1894-1899 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მისი თანაკურსელი იყო ჯერ დეკანოზი, შემდეგ აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე. სემინარიაში მას მფარველობდა იმხნად ბერ-დიაკონი, შემდეგ მთავარეპისკოპოსი, ანტიქართული ორიენტაციის დიმიტრი აბაშიძე (იგი ებრძოდა ქართველ ავტოკეფალისტებს, შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებას, დახვრეტას გადააჩინა სტალინმა. აღესრულა უკრაინაში 1942 წელს, დაკრძალული იყო კიევ-პეჩორას ლავრაში).

 

1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ქართველმა ავტოკეფალისტებმა გამოაცხადეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. 17 სექტემბერს თბილისში გამართულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი კირიონ მეორე, რომელმაც მართლმადიდებელი პატრიარქების, რომის პაპისა და ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათოლიკოსისადმი გაგზავნილ ეპისტოლეებში მოითხოვა, მათ ეცნოთ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია. პასუხად მხოლოდ დუმილი...

 

გამონაკლისი იყო რუსეთის პატრიარქი ტიხონი, რომელმაც დაგმო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და ქართველ იერარქებს მოუწოდა მისი უარყოფა, მოსკოვში სინოდის წინაშე პატიების თხოვნით წარსდგომა, რაც ქართველებმა არ მიიღეს... დაძაბული ურთიერთობა ორ ეკლესიას შორის გაგრძელდა 1943 წლამდე, ვიდრე სტალინმა რუსული ეკლესიის მღვდელმთავრებს არ მოსთხოვა - „ახლა ომია და თქვენ ერთმანეთს ჭამთ. სასწრაფოდ აღადგინეთ ურთიერთობა საქართველოს ეკლესიასთან..."

 

იმავე წლის 31 ოქტომბერს სტავროპოლისა და პიატიგორსკის მთავარეპისკოპოს ანტონის თბილისში მოლაპარაკება დასრულდა იმით, რომ რუსეთის ეკლესიამ აღიარა საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია, რაც სინოდის 1943 წლის მე-12 განჩინებით დაადასტურა. არქივში შემონახულია იოსებ სტალინის წერილები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატესადმი. „თბილისი, კათოლიკოს კალისტრატეს. გთხოვთ, გადასცეთ საქართველოს საკათოლიკოსოს სამღვდელოებას და მორწმუნეთ, რომელთაც ორი ათასი მანეთი შეაგროვეს საჩუქრად გმირი წითელი არმიისათვის, ჩემი სალამი და წითელი არმიის მადლობა".

 

1948 წლის 21 დეკემბერს დაბადების 70 წლისთავზე უწმიდესმა კალისტრატემ ი.სტალინს ასეთი შინაარსის მილოცვა გაუგზავნა: „კაცთა შორის რჩეულო, ჩემი მოხუცებულობის ოცნება იყო, საკუთარი თვალით მენახა ჩვენი ხალხის სიამაყე და მსოფლიოს უდიდესი ადამიანი, მაგრამ ბედმა არ მარგუნა ეს ბედნიერება. ალბათ, ამის ღირსი არ ვარ. მიიღეთ, ძვირფასო იოსებ, საქართველოს ეკლესიისა და მისი მეთაურის გულწრფელი მადლობა ჩვენი ეკლესიის საბჭოთა კავშირში არსებულ სარწმუნოებრივ ორგანიზაციათა სიაში შეყვანისათვის, ხოლო ჩემი კადნიერი მამაშვილური სიყვარულით ნაანდერძევი ქართული კულა (სასმისია ს.ვ.) წარწერით: იოსებ ქართველს. მსოფლიოში უღალატო ადამიანს, მაშვრალთა წინამძღოლს, მადლობით გულსავსე საქართველოს მართლმადიდებელი მწყემსის კალისტრატე კათოლიკოს-პატრიარქისაგან".

 

P.S.რაც შეეხება ეკლესია-მონასტრების ნგრევას, სასულიერო პირთა რეპრესიებს, იხ.ჩემი წიგნი „საქართველოს მართლადიდებელი ეკლესია 1917-1952 წლებში", - წერს სერგო ვარდოსანიძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner