logo_geo
eng_logo
მამუკა ჭელიძე ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე: კატეგორიულად მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ნაადრევი დასკვნებისგან და დაელოდონ გამოძიებას
- +

11 ივლისი. 2021. 17:45

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში „TV პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ აღნიშნა, რომ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება და დაინიშნა ექსპერტიზა.

 

„გამოძიების მიმდინარეობისას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის გარდა, აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის მიმდინარეობს გამოკითხვები იმ პირების, რომელთანაც ბოლო პერიოდში გარდაცვლილს ჰქონდა შეხება.

 

ვსწავლობთ მისი გადაადგილების მარშრუტის ამსახველ კადრებს, ასევე ვახდენთ მასთან კავშირში მყოფი პირების იდენტიფიცირებას და გამოკითხვას.

 

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვთხოვთ გარდაცვლილის ოჯახს და მის მეგობრებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და საგამოძიებო ორგანოს მიაწოდონ გარდაცვლილის კუთვნილი მობილური ტელეფონი, ვინაიდან მასში შესაძლებელია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდეს.

 

აქვე, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვასაჯაროებთ ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების კადრებს, რაც ამ დროისთვის არის მოპოვებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში.

 

ალექსანდრე ლაშქარავა მოპედის საშუალებით გუშინ დღის განმავლობაში მის მეგობართან ერთად, რომელიც ამ ეტაპზე არის საგამოძიებო ორგანოში და მიმდინარეობს მასთან საგამოძიებო მოქმედებები, იმყოფებოდა თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე თავს იკავებს წინასწარი ვერსიების გახმოვანებისგან, რაც ისევ და ისევ ოჯახის და გარდაცვლილის ინტერესებიდან გამომდინარეობს. კატეგორიულად მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ნაადრევი დასკვნებისგან და დაელოდონ გამოძიებას“, - განაცხადა ჭელიძემ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ 5 ივლისს ალექსანდრე ლაშქარავას ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.

 

ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში. ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

 

ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

 

საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს. გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner